მახე პრაქტიკოსისთვის
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 21 час назад
- 3 мин. чтения

ადრე თუ გვიან, პრაქტიკის გარკვეულ ეტაპზე თუ ეს საქმიანობა საკუთარი ეგოს გამოკვებას, კიდევ ერთი „მედლის“ გულმკერდზე ჩამოკიდებას ან ფულის კეთების დაუსრულებელ კონვეიერს კი არა, არამედ თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის პროცესს წარმოადგენს, მთელი სიმძაფრით წამოიჭრება ის, რასაც მე "ჭერის ან შეზღუდვის შეგრძნებას“ ვუწოდებ.
ეს ის მდგომარეობაა, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია; თითქოს ფრთებში ძალას გრძნობ, გიჩნდება სურვილი, ისინი ბოლომდე გაშალო და გაფრინდე... მაგრამ მაშინვე ჩნდება კითხვა — „სად?“ — რადგან თავი აშკარად ჭერს ეჯახება, ფრთებისთვის კი ადგილი აშკარად არ არის საკმარისი.
მეც, გარკვეული დროის განმავლობაში, კლიენტებთან წინასწარმეტყველისა და კორექტორის როლში მუშაობის შემდეგ — აბა, სხვანაირად ამას რა უნდა ვუწოდო? — საკუთარ თავს ვუსვამდი კითხვას: საიდან გაჩნდა ეს გაუგებარი შეგრძნება? მე ხომ თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებდი.
ერთია თანამოაზრეთა წრეში თეორიული მსჯელობა და სრულიად სხვა რამეა სხვა ადამიანთან, სხვა შეხედულებასთან და სხვა ცხოვრებასთან რეალურად შეჯახება.
და სწორედ აქ იწყებს ყველა ის ხარვეზი, რომელსაც თუ თვალს არ დავხუჭავთ — „აჰ, რა სულელები არიან ადამიანები“ — წვიმის შემდეგ სოკოებივით ამოყრას.
რა თქმა უნდა, ახლა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვხვდები, რომ სინამდვილეში არანაირი ჭერი არ არსებობდა.
უფრო სწორად, ის არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ჩემს თავში.
ბუნებრივია, ეს „ჭერი“ ჩემი საკუთარი სამყაროს სურათით იყო შექმნილი — ჩემი ჩვევებით, რომ მეფიქრა ასე და არა სხვაგვარად, ასევე იმ წარმოდგენებით, რომლებიც უპირობოდ სწორად მიმაჩნდა.
რატომ?
იმიტომ, რომ ვფიქრობდი: „მე ხომ ამას თითქოს მასწავლიდნენ; ამაზე ხომ ავტორიტეტული ადამიანები წერდნენ — სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს?“
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის საკუთარი სტერეოტიპების დანახვა და მათი დამსხვრევა უბრალოდ რთული კი არა, ზედმეტად რთულია.
ისინი თითქმის არ იშლება — თუ არ ჩავთვლით ნარკოტიკების მოხმარებას ან ცხოვრებისეულ მძიმე კრიზისებს.
აი, ჯადოქრობის პრაქტიკოსები კი, ერთი შეხედვით, თავიდანვე თითქოს იმაზე არიან ორიენტირებული, რომ ცხოვრებაში აღმოჩენილი და უკვე „დაფიქსირებული“ ნებისმიერი სტერეოტიპი დაამსხვრიონ.
და ისინი დიდი სიამოვნებით იქექებიან სხვადასხვა წვრილმანში და ამას „ტარაკნების დაჭერას“ უწოდებენ — ოღონდ კი არ შეეხონ ყველაზე მთავარს, რაც მათ აქვთ: სამყაროს შესახებ თავისებური უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენა.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სურათის დამსხვრევის შემდეგ შესაძლოა მათ სერიოზულად გადახედონ საკუთარ როლსა და შესაძლებლობებს ამ სამყაროში.
ჩვეულებრივ, არსებობს მოსაზრება, თითქოს ასეთი გადახედვა მტკივნეული იქნება „დაზიანებული ეგოს“ გამო. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.
უფრო მეტიც, ხშირად ასეთი ცვლილებები შეგრძნებით ხანგრძლივი ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელებას ჰგავს.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც.
სამყაროს შესახებ ჩამოყალიბებული სურათი მათ სხვადასხვა „ავტორიტეტული“ წყაროდან აქვთ აღებული და ის „ყველაზე ავტორიტეტულ“ მოსაზრებებს ეყრდნობა.
ავტორიტეტებთან კამათი კი, რატომღაც, დიდად არავის სურს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთო, ყველასთვის მისაღები არგუმენტები საერთოდ არ არსებობს, მაგრამ „ყველა ასე აკეთებს“, „ეს მუშაობს“ და „სხვაგვარად როგორ შეიძლება — ეს ხომ ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა“.
ამ დროს საკუთარ შეგრძნებებსა და აზრებს მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება.
გაგიჩნდა აზრი, რომელიც ავტორიტეტულ მოსაზრებას არ ემთხვევა?
ე.ი. რაღაცაში შეცდი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრა.
ეს ნებაყოფლობით თვითზომბირებას ჰგავს.
ახლა სიმართლეს დავწერ და შეიძლება ზოგიერთმა საკუთარი თავი ამოიცნოს და ეწყინოს.
ან იფიქროს, რომ საკუთარი თავი ამოიცნო...
„სწორი“ თანამედროვე ჯადოქრის სახე
გარკვეულ წრეებში, რომლებიც საკუთარ თავს მოწინავეებად მიიჩნევენ, არსებობს გარკვეული თვისებების ნაკრები, რომელსაც თითქოს „სწორი“ თანამედროვე ჯადოქარი უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთან, ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ ეს „ნაკრები“ ჩამოაყალიბა ორიოდე პრაქტიკოსმა და მასწავლებელმა, რომლებმაც ოდესღაც არ დაიზარეს და არ შეეშინდათ საკუთარი ვებგვერდების შექმნა.
და იმაზეც, რომ ეს ნაკრები თავის დროზე პრაქტიკის შედეგი იყო და არა პირიქით.
მაშ ასე: აიღეთ ამ ვებგვერდებიდან სტატიები, დაუმატეთ სხვადასხვა სახის ლიტერატურის ნაზავი — დაწყებული ბულვარული სისულელეებიდან და დამთავრებული მეცნიერულის მსგავსი ტერმინოლოგიით დაწერილი ტრაქტატებით — და მიიღებთ ახალი თაობის საშუალოსტატისტიკურ „ინტერნეტ-ჯადოქარს“.
უფრო სწორად, მიიღებთ იმ სახეს, რომელსაც ის მთელი ძალით ცდილობს შეესაბამებოდეს.
ის ეყრდნობა ავტორიტეტულ წყაროებს.
მას სჯერა „სწორი“ საგნების, ამბობს „სწორ“ სიტყვებს და ფლობს იმ უნარებისა და თვისებების ნაკრებს, რომელიც, სტატუსის მიხედვით, თითქოს უნდა ჰქონდეს.
და რა მნიშვნელობა აქვს მისი საკუთარი აზრები მეორეხარისხოვანია თუ არა?
სამაგიეროდ, მან იცის „როგორ არის სწორი“.
ჩემი აზრით, ამაში არაფერია ისეთი, რაც მარქსიზმ-ლენინიზმისგან განსხვავდება.
აი, ახლა თითქოს ირონიით ვლაპარაკობ, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რამდენი რამ გაკეთდა ოდესღაც დიდი და ერთადერთი ჭეშმარიტი იდეების სახელით, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ...
ცოტა გადავუხვიე თემას.
ცდუნება, რომელსაც გვერდი უნდა აუარო
ცდუნება სწორედ იმისთვის არის ცდუნება, რომ მას გვერდი უნდა აუარო და შემდეგ ამ საკითხზე აღარ ინერვიულო.
როგორც ბუდიზმში ამბობენ: „ზიზღი სურვილის მეორე მხარეა.“
მეც არაერთხელ დავიჭირე საკუთარი თავი იმაზე ფიქრით:
„მე ამას არ შევესაბამები! რა საშინელებაა!“
გასაგებია, რომ გზაზე მნიშვნელოვანია გარკვეული ნიშნულების, ორიენტირებისა და საკვანძო წერტილების არსებობა, რომელთა მიხედვითაც შეგიძლია განსაზღვრო — „სწორი მიმართულებით მივდივარ თუ არა?“
და სრულიად ბუნებრივია, რომ პიროვნული განვითარების გარკვეულ ეტაპზე თვალწინ გქონდეს რაიმე მაგალითი: მასწავლებელი, ავტორიტეტული ადამიანი, წიგნის ან სტატიის ავტორი, ან სულაც წიგნის ლირიკული გმირი.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი:
ყველას — აბსოლუტურად ყველას — საკუთარი გზა აქვს.
ანუ ნამდვილად საკუთარი.
დიახ, გარკვეული ეტაპების გავლა შეიძლება ვინმესთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე ამოხსნილი ამოცანის გადაწერას შეძლებ და შემდეგ გამოცდას ჩააბარებ.
თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლება და ხშირად სწორედ ასე ვიქცევით — ვცდილობთ, სადღაც „გველივით გავძვრეთ“, ანუ მარტივად და შეუმჩნევლად ავცდეთ იმ ეტაპს, რომლის გავლაც რეალურად თავად გვიწევს.
ზოგჯერ კი ისიც გვგონია, რომ ეს გამოგვდის.
ვაშა! გავძვერით! ახლა უკვე შეგვიძლია ცხოვრებით ტკბობა.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ფრთებისთვის ადგილი აღარ არის, თავი კი ჭერს ეჯახება.
და ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვავიწყდა:
ცხოვრების მიერ ჩვენთვის შემოგდებულ ამოცანაში თავად ჩვენ ვართ ცვალებადნი.



Комментарии