top of page

მითიური პერსონაჟები ძველად საქართველოში 1 ნაწილი

ბარბალე – ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.


ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.

ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).


ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.


ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.


ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.


ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.


ალი – ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმა). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.


ამბრი — ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება „ცოცხლად დამარხვის“ მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.


ამირანი, ქართულ მითოლოგიაში გმირი; ამირანიანის ეპოსის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია (ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია). ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს — ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას — ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება.

ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.


არმაზი, ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. "ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..." (ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106).

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას "სპარსულად არმაზ ერქუა", და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის.


ბატონები, ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველი) საერთო ხალხური სახელწოდება. ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, ბატონები ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბატონების გასამხიარულებლად მართავდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ე. წ. "ბატონების ხეს" , დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე , მღეროდნენ ბატონების საგალობელს "ბატონებო", ცეკვავდნენ და გარკვეულ აღკვეთებს იცავდნენ. ბატონები, ქართველთა უძველესი ნაყოფიერების ღვთაება, დიდი დედა ნანას შვილებად მიაჩნდათ და მსგავსად "დობილებისა" "ნაწილიან ღვთაებებად" ითვლებოდნენ.


ბაყბაყ-დევი — ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცი, ერთ-ერთი დევი. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს.


Comments


bottom of page