top of page

მითიური პერსონაჟები ძველად საქართველოში 2 ნაწილი

ბედის მწერლები — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის და ყველა სხვა სულიერ არსებათა ბედსაც განაგებს. ჯავახეთში გავრცელებული ზოგიერთი თქმულების მიხედვით (ლიზა თოთაძის გადმოცემით სოფელ ჩუნჩხიდან), ისინი ადამიანის ან სხვა სულიერის დაბადების შემთხვევაში ადგილზე იმყოფებიან და მას დაბადებისთანავე საკუთარ ბედს შუბლზე აწერენ ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით. არსებობენ გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა.


ბერი-ბერა — ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი-ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.


ბერიკა — ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაება; უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ. ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის - ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.


ბოსელი, ბოსლა, ბოსლე (სვან. ბოსლო ||ოსლო, ბამბღუ, ბეიმღუ, ბომბღა||ბობღა), ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღეობაში. ბოსელის უმთავრეს ფუნქციას შეადგენდა საქონლის გამრავლება და მფარველობა. ამიტომ მას "საქონლის ბატონის" და "საქონლის ანგელოზის" (უფრო ადრე სავარაუდოა "საქონლის პატრონი", "საქონლის უფალი") ეპითეტებითაც მოიხსენიებდნენ. ბოსელი თავდაპირველად ცხოველური სახის არსებად, კეროდ, ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი, ქართველი ხალხის ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რომელიც განვითარებულია მიწათმოქმედებისა და სათანადო სოციალური წყობილების ზედნაშენს წარმოადგენს, ბოსელი სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა და ანთროპომორფული სახე მიიღო. ამ საფეხურზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ღვთაების ფუნქციები და მისი მსახურების ფორმები, რაც ახალწლის ციკლის დღეობებში უფრო მრავალფეროვნად გამოვლინდა. დროთა ვითარებაში ღვთაება ბოსელი გარდაიქმნა "დიდ ღმერთად" (სვან. ხოშა ღერბეთ, ფუსნაბუასდია), რომლის კულტი ხარისა და მზის კულტების შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ასტრალური სარწმუნოების განვითარების გვიანდელ საფეხურზე. დროთა განმავლობაში ქრისტიანობის ზეგავლენით ბასილის (ბასილას) თანაზიარი გახდა და ასე იხსენიებოდა ქართულ საახალწლო რიტუალებში.


ბოჩი, ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმიდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.


გაცის და გას კერპები, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, არიან-ქართლიდან მცხეთაში მოუტანია აზოს, არიან-ქართლის მეფის ძეს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მეფედ იქნა დასმული ძვ. წ. IV საუკუნეში.[1] სწორედ ამიტომ მატიანეში მათ „კერპნი სამეფონი“[2] და „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ ეწოდებათ.[3]

„ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ს მიხედვით, ამ ღმერთებს ეწოდებათ „გაცი და გაიმი“ და მათი კერპები აზონს (იგივე აზო) მცხეთაში შეუქმნია, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ.[4]

წმ. ნინოს „ცხოვრების“ ყველა ვერსია ადასტურებს, რომ გაცის და გას (გაიმის) კერპები მცხეთაში, ახ. წ. IV საუკუნეში, ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევამდე მდგარან.

გაცის და გაიმის კერპები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-დან ვიგებთ, რომ გაცის და გას კერპები მდგარან არმაზის მთაზე, ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ – მარჯვნივ გაცი, ხოლო მარცხნივ – გა. ამასთან გაცის კერპი ოქროსგან ყოფილა დამზადებული, გასი კი – ვერცხლისგან.[6] რაც შეეხება გაცისა და გას კულტის რიტუალურ მხარეს, ამავე წყაროს თანახმად, მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“.[7]

გასული საუკუნის დასაწყისში ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში გაცის და გას კულტს რეალურად არ უარსებია და მათი სახელები ქართულ მწერლობაში მწიგნობრული გზით დამკვიდრებულა. როგორც იგი ფიქრობდა, ღვთაება გას ქართველები შეიძლებოდა გასცნობოდნენ რომელიღაც ქრისტიანულ სირიულ ტექსტში. [8]

ბოლო დრომდე პოპულარობით სარგებლობდა გრიგოლ გიორგაძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არმაზი, გაცი და გა წარმოადგენდნენ ხეთურ–ხურიტული პანთეონიდან მომდინარე ღვთაებრივ ტრიადას.[9]

ბოლო დროს, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა უარყო როგორც ნ. მარის, ასევე გ. გიორგაძის აღნიშნული მოსაზრებები.[10] მისი აზრით, მიუხედავად სამი კერპის (არმაზი, გაცი, გა) ერთ მთაზე გვერდიგვერდ დგომისა, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთების კლასიკური ტრიადა. სამი კერპის ერთად დგომა ან გამოსახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთაებრივი ტრიადისადმი მათ კუთვნილებას. გაცი და გა წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა–ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ–გე და Γᾶ–გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი–გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა–ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.[11]


გაცი და გაიმი — ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება (იხ. სტატია "გაცი და გა").


გველისფერი — ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარე, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.


გიორგი — ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟი. რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა- ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).


დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია.

დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია.

დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.

დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს... ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეიჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან).

დალისა და აფსაათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის - ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი - ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალ სვანთა ერთადერთი ღვთაებაა.

დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი ქალღმერთია, მოსიყვარულე დედა; ხიბლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა ვინმემ, არ დაინდობს, ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს (ბეთქილი). დალის სიყვარული ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან: „დალი ჰყავსო“.

სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი.

მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს.


დედაბერი — ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ზოგი მათგანი კაცთმოყვარეა, კეთილგანწყობილი და ეხმარება გმირებს, ზოგი კი პირიქით, ადამიანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთ ემორჩილებიან ბუნებრივი სტიქიები, რომელთაც ისინი იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ გმირს მიზნის განხორციელებაში.


დევი არის ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ბოროტი სული. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.

დევი აგრეთვე, ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, ადამიანის მსგავსი ფანტატისკური არსება, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი. განასახიერებს უმთავრესად ბოროტ ძალას. დევი მზეთუახავებს იტაცებს და ქვესკნელში ან ზესკნელში მალავს. ბევრი ზღაპრის გმირი გონებაჩლუნგ დევს ჯაბნის და კლავს.


დობილნი — ქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში) ღვთაებათა დამხმარე სულები. გადმოცემების თანახმად, დობილნი პატარა ბავშვების და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან ბურთის სათამაშოდ. შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შედეგადაც იგი ავად ხდება. როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება ხოლმე, დობილნი სოფლებს შეესევიან და მათ მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. დობილნი ძირითადად მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ვნებენ, რადგან მამაკაცებს ვერ უმკლავდებიან. სოფლებში მათდამი მიძღვნილი სპეციალური სამლოცველოები შენდებოდა ხოლმე.


ვეშაპი — ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში ზოომორფული არსებები, ურჩხულები. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპი მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ (ყველაზე ძლიერ) ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა.


ზადენი — ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ Yazadan-თან (სპარს. یزدان — კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).

თევდორე ანუ თედორე არის ქართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაება; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა. თედორე ითვლება “დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად” და მოიხსენიება, როგორც “დიდი ბატონი”. თედორეს ეპითეტი “შავი”, “შავგვრემანი” მიწის შავ ფერს შეესაბამება. თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული “თედორობა”, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს აცხობდნენ სარიტუალო პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა (ცხენების) გამოსახულებებით, აწყობდენ რიტუალურ თესვას.

თოვლის ბაბუა ან კიდევ ცნობილი როგორც თოვლის პაპა (რუს. Дед Мороз, Морозко, სერბ. Деда Мраз) საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის) ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.


იახსარი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან.

სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში.

იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.


댓글


bottom of page