top of page

მითიური პერსონაჟები ძველად საქართველოში 3 ნაწილი

კვირია — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას პატივსაცემად ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ.

დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.


კოპალა, წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა) ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.


კუდიანები — ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის - როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან.


მამბერი — ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.


მაცილი — ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები საიქიოდან. აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს.


მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება. მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო. მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.

მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)

მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად. ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყეში ერთ წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა. შორიდან მეჯოგის ყიჟინის მსგავსი ხმა შემოესმა. შემდეგ სტვენის ხმაც გაუგია. ფრიველები და ტყის ნადირები ყველა ერთად მოდენილან, მაგრამ თუ ვინ იყო მათი პატრონი ეს ვერ გაუგია, თვალით ვერაფერს ხედავდა თურმე. ღორი წაბლთან მოსულა და მისი ჭამა დაუწყია. გვაძის თოფი დაუმიზნებია. ამ დროს ვიღაცას დაუძახია: - მე გამექეც, მაგრამ გვაძის ტყვიის ბედი ყოფილიყავიო. გვაძის უსვრია და ღორი წაქცეულა. - გამარჯობა გვაძიო! - უთხრა ვიღაცამ. მიუხედნია გვაძის და პირტიტველა ბიჭი უნახავს, რომელსაც თოფი ეკიდა მხარზე. გვაძი! ეს კერატი მე გაჩუქეო. შენ ამას ვერსად წაიღებ, მე გამომყევი, არ შეგეშინდეს, დამელაპარაკეო, გვაძი ვაჟკაცი იყო, გულიანი, დალაპარაკებია და თან უკან გაჰყოლია. ბევრი რომ უვლიათ, გვაძის უნახავს ერთი ეზო, რომელიც ირმის რქებით შემოღობილი. ჭიშკრად შექლესილი ჯიხვის რქები ეკიდა. გაუღია ამ ბიჭს კარი და ეზოში შესულან. თოფი გამოურთმევია გვაძისთვის და სახლში შეუყვანია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი სხვანაირი ტანსაცმლით გამოსულა მეორე ოთახიდან და თხილის წნელით მოწნულ სკამზე დაუჯენია გვაძი. ისიც ისეთივე სკამზე დამჯდარა. შიგნიდან გოგოების სიცილისა და მხიარულების ხმა ისმოდაო. ბიჭი რომ დაიძახებდა "დოიტ-ს" სიცილის ხმა შეწყდებოდაო. იმ ბიჭს უთქვია: ისინი ჩემი დები არიანო. ქრისტიანის სუნს გრძნობენ და შენი ჭკუიდან შეშლა უნდათო, მაგრამ ამის ნებას მე მათ არ მივცემო. გვაძი ამდგარა და ეზოში გადაუხედია. უნახავს ერთი ძვლის მესერზე კაცი და მეორე ძვლის მესერზე ქალი იყო მიბმული. ქალს მოჭრილი კაცის თავი ეკიდა და კაცს კი ქალის მოჭრილი თავი ჰქონდა ჩამოკიდებული თხილის ტკეცისაგან დაგრეხილი თოკით. მიბმულები ერქინებოდნენ ძვლის მესრებს, მესრის ამოგდება სურდათ. ცოტას რომ მოარყევდნენ, მესერზე ბოლოქანქარა ჩიტი ჩამოჯდებოდა და აჯავრებდა ორივეს. იქვე ეგდო ცხენის ფეხის მსხვილი ძვალი. კაცი აიღებდა ამ ძვალს და დაჰკრავდა ჩიტს. ბოლოქანქარაგაფრინდებოდა, მორყეული მესერი კი ისევ გამაგრდებოდა ბოლომდე ჩაესობოდა. ამ ბიჭმა მითხრაო: ესენი ჩემი დედ-მააო. ერთხელ საქონლის გასადენად წავიდნენო. ერთმა კაცი მოიყვანა, მეორემ ქალიო. ორივე წაახდინეს, ჭკუიდან შეშალეს. ამის გამო ასეთი ბედი ვარგუნე ჩემს მშობლებსო. ისევ ჩამოვჯექი სკამზეო. მე თვალით რომ ვერ ვხედავ ისე, ხელი დამაბანინეს, ხელსახოცი მომცეს, საჭმელები წინ დაგვიწყვეს, მაგრამ ვის როგორ მოჰქონდა ამას კი თვალით ვერ ვხედავდიო. ჭამის დროს იცინოდნენ, მაგრამ მე ეს ბიჭი მიცავდა და ხელს ვერ მახლებდნენო. დამიგეს საწოლი და დამაწვინესო. ვიფიქრე: რა დამემართება ვინ იცის და ჯობია არ დავიძინო, მაგრამ დამძინებოდა და მეორე დღეს მზე რომ ამოიწვერა, გამეღვიძაო. საუზმე მაჭამეს. დაღამებამდე ვილაპარაკეთ. როცა დაღამდა, ის ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, როგორც პირველად ვნახე, ჩემი თოფი მომცა და მითხრა: - წავიდეთ ახლა შენ კერატთანო. წასულან. ტყეში გვაძის უცვნია თავისი ნაჯდომი ხე. - გვაძი! შენი კერატი აგერ აგდია. ახლა შენთვის მომიცია ნადირობის ბედიო: ეს ამბავი (რაც შეგემთხვა) არსად არ თქვა, თორემ მოკვდებიო. მეორე დღეს გვაძის ბიჭები წამოუყვანია კერატის წასაღებად. გვაძის უთქვია: წუხელ წაბლის ხეზე გავათენე ღამეო, მოუტყუებია. ბაბუაჩემმა თქვა: ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და მერე მოკვდაო. ის ბიჭი მესეფი იყოო. იმ წელს ბიჭები ამოსულან და ზამთარიც ძლიერი (მაგარი) ყოფილა. მესეფობის დღეებში თუ წვიმებია ბიჭი მესეფებია ამოსული და ზამთარიც მაგარი იქნება. თუ წვიმები არ იქნა ქალი მესეფები იქნებიან ამოსული და ზამთარიც კარგი იქნება.


მზეთუნახავი — ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად.


მინდია, ხოგაის მინდი, ქართული ფოლკლორის პერსონაჟი. ხევსურმა მინდიამ, რომელიც ქაჯების ტყვე იყო, თვითმკვლელობის მიზნით მათი საკვები — გველის ხორცი ჭამა, მაგრამ მოწამვლის მაგიერ ჯადოსნური ძალა შეიძინა — ამოიცნო ბუნების საიდუმლო: ამიერიდან მინდიას ესმოდა მცენარეთა, ფრინველთა, ცხოველთა ენა და ამ უნარს ხალხის სასიკეთოდ იყენებდა. თქმულება მინდიას შესახებ დაედო საფუძვლად ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელს“ და კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა „ხოგაის მინდის“.


მინდორთ ბატონი — ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველი. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.


მიჭპა — ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაება - მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველი ზამთრის პერიოდში.


ნაწილიანი — ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.


ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.

გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.


ოჩოპინტრე||ოჩოპინტე — ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.


პირქუში — ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.

პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).

რაში — ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენი; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ. რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლისმფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია, მაგრამ მოთვინიერების შემდეგ გმირების ერთგული მსახურნი ხდებიან და მათ ყველა სურვილს ასრულებენ.


როკაპი — ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაური, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში.



Comentarios


bottom of page