top of page

მითიური პერსონაჟები ძველად საქართველოში 4 ნაწილი

სამძივარი, სამძიმარი, ქართული ფოლკლორის პერსონაჟი, მითოლოგიური პანთეონის გმირი, ხახმატის ჯვრის დობილი წარმოშობით მატრიარქატის დროინდელი, დალის მსგავსი ქალღმერთია. იგი ლამაზია, კეკლუცად ირთვება, ხელსაქმეს მისდევს, აქვს მაქციობის უნარი. გამჟღავნებისას საცხოვრებელ ადგილს იცვლის სამძივარი ღვთის შვილთა და მახვეწართა კეთილი შუამავალია.


სამძიმარი — ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯი. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება. ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს.


სახლის ანგელოზი — ქართულ მითოლოგიაში ოჯახის, კერძოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობების მფარველი ღვთაება. ოჯახის წევრებს შორის ჩხუბი სახლის ანგელოზის განრისხებას მიეწერებოდა. ამ შემთხვევაში მას ცხვარს ან გოჭს სწირავდნენ და მსხვერპლის სისხლს სახლის კარს და კედლებს უსვამდნენ.


ტყაშმაფა (მეგრ. ტყის მბრძანებელი) ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.


ფასკუნჯი (რუს. Жар-птица, ინგლ. fire-bird) — ქართულ და ზოგიერთ სლავურ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველი.

ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს.

ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.


ქართლოსი ქართველთა მითიური წინაპარი, ბიბლიური ნოეს ძის იაფეთისაგან, თარგამოსის ძე, მცხეთის ამშენებელ მცხეთოსის მამა, ძმათა შორის უხუცესი და მთავარი, მისი ძეა უფლოსიც.

თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი და ეგროსი - შესაბამის მხარეთა და ტომთა მამამთავარნი. გაძლიერებულმა ძმებმა აღარ ინებეს დიდი ბიბლიური მონადირის ნებროთის ბატონობა და მოკლეს (ჰაოსმა მოკლა ისრით ზედა არარატსა). ”ქართლოსს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის მტკვარს არაგვი: აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თავისი ქალაქსა მას ქართლოს, (რომლის გამო ეწოდა ქვეყანასა ამას ქართლი)”. მისი სახელი იქცა საფიცრად. ქართლოსიანთა სამეფო გვარის მამამთავრად.

მემატიანის ცნობით, ”მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისობის დროს) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა”, რომელიც არმაზში (ქართლში) დაკრძალეს. ამრიგად, ასტრალური კულტის, კერპთაყვანისცემის შორეულ ჟამს ქართველთა დიდ მითიურ წინაპარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსს და ღვთაებას. შეიქმნა მითები, რომელთაგან ერთი ვაჟა-ფშაველამ დაამუშავა პოემაში ჰაოს და ქართლოს. ამ თქმულებით, ”თვალცრემლიანი ჰაოსი ქართლოსს მოადგა კარზედა”, შესჩივლა მტერმა დამჩაგრა, საბრძაბენელი დავკარგე და შემივრდომეო. ქართლოსი ძმას ძმურად ეხვევა. ხარს უკლავს, სახლს და ქონებას უნაწილებს. ეუბნება: ”ერთად ვიცხოვროთ ძმურადა, მტერს შევუთვალოთ მუქარა”. სიტყვით ჰაოსი ეთანხმება, ფიცს აძლევს : ” ღმერთმა ჰქნას ჩვენი ერთობა ბოლომდე იყოს მტკიცეთა”. მაგრამ მერე ქართლოსს ომში იწვევენ. იქ საარაკო საგმირო საქმეებით იხვეჭს სახელს, ჩამოდის და ჰაოსი შინ არ უშვებს. სახლ-კარი და ქონება მიუთვისებია, ქართლოსი სიზმარშიც იტანჯება, მაგრამ ელანდება არა ძმის მუხანათობა, არამედ მტერთან შეხლა და ხმალთა ტრიალი.

ნაწარმოები ქართლის ცხოვრება. ვაჟა-ფშაველა, მეოთხე ტომი, საქართველოს ეპონიმია.


ლეონტი მროველი წერს:

„ და უჩინა ქართლოსს საზღვარი - აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძოდა მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს...

... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველადშექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამოეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა. შემდგომადამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან სამშვილდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთადა განმრავლდა ნათესავი მისი. ხოლოშვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოსი, მეორესა გარდაბოსი, მესამესა კახოსი, მეოთხესა კუხოსი, მეხუთესა გაჩიოსი. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი. არამედმცხეთოს უგმირე იყოსხუათა მათ. მოკუდა ქართლოსდა დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომადამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.

ქაჯი — ქართულ მითოლოგიაში სულები; უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.

თანამედროვე ქართულ ენაში ქაჯი იხმარება ადამიანის მისამართით, რომელმაც არ იცის ან ხშირად არღვევს მიღებული ქცევის ნორმებს.


ღმერთი — ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის (მორიგე-ღმერთი), აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები - ხვთისშვილები. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის “ნაწილებში”, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს თავისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.


ყამარი — ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).


წყარიშდიდა (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე

წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვამს: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.

წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბად გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი.


ხვთისშვილი — ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.


ჯვარი — ქართულ მითოლოგიაში (ხევსურებში) ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები “ხვთისშვილი”, “ღვთისნადები”. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და წმინდა გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე ღვთისმშობელ მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. ფშავში და თუშეთში ჯვარს ხატი შეესაბამება.

コメント


bottom of page