top of page

სვანების რწმენა (ბესარიონ ნიჟარაძე) ნაწილი 3

სვანების ზოგიერთი ჩვეულებანი და ცრუმორწმუნეობანი


ნათლისღება დღეს იმ ჭურჭელში რომლეშიც მღვდელი (უწინ პიპი) წყალს აკურთხებს, თითოეული მოსახლე ნიგოზს ჩააგდებს. ნიგოზზე მობმულია სადგსისი ძაფით. ამ ნიგოზსა და სადგისს მოსახლე წაიღებს ყანაში, როდესაც გაზაფხულზე ხვნას დაიწყებს. ღამე დაჰფლავს ნიგოზსა და სადგისს ნახნავში. მეორე დღეს სადგისს სახლში წამოიღებს, ნიგოზს კი მიწაში ჩატოვებს. ხალხის რწმენით, ამის შემდეგ მის ნახნავ-ნათესს უწმინდურება და ვნება არ შეეხება.

ნათლისღების დღესვე ნაკურთხი წყლით მოზელენ წმინდა პურს. ამ ცომიდან გამოაცხობენ შვიდ სეფისკვერისოდენა პურს, შუაში გახვრეტილს (ჯიჯიტა კვერა-გ.ხ.). ამ პურს ჰქვია "კირკადოლ" ("გორგალი"). ამ შვიდ კირკადოლს ბაწარს გაუყრიან, სახლში სადმე ჩამოჰკიდებენ, უმეტეს ნაწილად კოშკში და შეინახავენ დიდმარხვამდე. დიდმარხვის ყოველი კვირა დილას ოჯახი თავის წევრთა შორის ინაწილებს თითო კრიკადოლს, როგორც ევლოგიას. განაწილებამდე კრიკადოლს რომელიმე წევრთაგანი სამჯერ ჩამოაგდებს მაღლიდან კერაზე დადებულ ბრტყელ ქვას და სამჯერვე ამბობს: "აშუ ამშეყედელი არტა - კვარტა ლინჩალ" (ასე ჩავარდეს აგდებული დიდმარხვა). "კრიკადოლს" სჭამენ ხელ-პირ დაბანლნი ამნაირად: მარცხენა ხელში დაიჭერენ, ხელს თავზე გადაიდებენ და მარჯვნივ ჩაიდებენ პირში.

რადგანაც დიდმარხვაში აღდგომის კვირიაკეს გარდა ექვსი კვირიაკეა, ამიტომ მეშვიდე კირკადოლი რჩება. ამ მეშვიდე კირკადოლს შეაბამენ გოდორს, რომლითაც თესლი დააქვთ ყანებში. რომელიმე ყანის მოთესვის დროს "კირკადოლს" ცოტა-ცოტას მოფშვნიან და თესლში გაურევენ ნიშნად თესლის განწმენდისა. ამავე დროს ნაკურთხის წყლით მოზელენ ნაცარს, რომელიც ოჯახს შენახული აქვს წლიდან წლამდე და აიაზმის მაგივრობას სწევს. ამ ნაკურთხის წყლით მოზელილ ნაცარს ეძახიან "ივურდან"-ს (იორდანე) და ხმარობენ იმგვარ შემთხვევაშI, როდესაც ეკლესიების კანონის აიაზმაა საჭირო: დაფშვნილს ნაცარს იმგვარად მოაყრიან ოჯახში, როგორც აიაზმის წყალს მოასხურებენ ხოლმე.

უძღების კვირის წინა პარასკევს დილით ერთი ბავშვი ადგება სხვების ადგომამდე პერანგის ამარა და სამჯერ შემოუვლის სახლს, თან ხმამღლა ამბობს: "არინ-კარინ, თხერე მულიპ, სავია ჯვეგთე, ზაი მახად უშგულთე, ცხამ ი ნახრეკ მერმა ქვეყანათე!" "არინ-კარინ" არ ითარგმნება. დანარჩენი: "პირღია მგელი ოსების ჯოგისკენ, წლის მოსავალ უშგულისაკენ, ღვარძლი და ცხამი (ღვარძლის მსგავსი მცენარეა) სხვა ქვეყანაში". როდესაც ბავშვი სახლის შემოვლას მორჩება და შინ შემოვა, დიასახლისი ჭერს ჩამოწმენდს, ნახვეტ ჭვარტლს ჩაყრის ჭურჭელში, რამდენი სულიც ოჯახშია, იმდენ ღერ ქერის ჩალას მოაგროვებს, იმისა და მჭვარტლს წაიღებს სოფლისაკენ დანიშნულ ადგილას, სადაც ჩალას ცეცხლს წაუკიდებს, მჭვარტლს ზედ დააყრის და ამბობს: "ასე დაიწვას ჩემი ოჯახის სნეულებაო!"

უძღების კვირის შაბათს ყველა მოსახლე თხელის ცომისაგან სხვადსხვა ცხოველის სახეს გააკეთებს, ანუ უკეთ ვთქვათ, დახატავს ბაკის კედელზე (იქნებ გომურის - გ. ხ.) ხარის, ძროხის, თხის, ცხვრის, ცხენისა და სხვა სახეს. ამ პირუტყვების სახეების დახატვა ბაკის კედლებზე, ხალხის აზრით, ხელს უწყობს პირუტყვის გამრავლებას. ამავე დღეს მოსახლე აცხობს ერთ ყველიან პურს, რომლის ყალიონის ტარის მსგავსი, გულგამოცლილი ჩხირით ააჭრელებს; ამ პურს ყველიერის ხუთშაბათს გაინაწილებს ოჯახი - ვისაც რამდენი ჭრელი შეხვდება, იმდენი პირუტყვი შეეძინება სათავნოდ იმ წელიწადსო.

ხორცის აღების ღამეს, ნავახშმევს, ხელპირდაბანის შემდეგ, მამაკაცები ასრულებენ "ალმას", რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მამაკაცები აიღებენ ხელში თითო დანას, წაურევენ ღველფში და ამბობენ: "ალმას! ალმას! ჩემი დანა ალმას, ჩემი ხანჯალი ალმას, ჩემი ლეკური, თოფი, ფიშტო, ნაჯახი, ცელი"... და სხვა და სხვა. დედაკაცებიც ასრულებენ "ალმას", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დანის მაგივრად ნემსი უჭირავთ ხელში და ქალის ხელსაქმეს ჩამოსთვლიან: "ჩემი ნემსი ალმას, ჩემი მაკრატელი ალმას, ჩემი ნამგალი ალმას" და სხვა.

თევდორობა დილას მოსახლე აცხობს წმ. პურის ცომისაგან იმდენ "ბაციკს" (ბაციკუკუ), რამდენი ვაჟიშვილიც ჰყავს ოჯახში, თუ ეს ვაჟიშვილები ხნით თორმეტის წლისაზე მეტისანი არ არიან. "ბაციკი" ჰქვია რომელიმე ოთხფეხი საქონლის, შენაურის, გინდა გარეულისა და ფრინველის სახეს; მაგალითად: ხარის, ვერძის, ცხენის, ვაცის, ჯიხვის, არჩვის, მტრედის, გვრიტის, და სხვა და სხვა. თუ მეოჯახეს ვაჟი არ ჰყავს, სამი "ბაციკი" მაინც უნდა გამოაცხოს: ერთი შინაური საქონლის სახე, მეორე გარეულისა და მესამე ფრინველისა. "ბაციკებს" რომელიმე მამაკაცთაგანი აცხობს. მის გამოცხობას ოსტატობა უნდა და ყველას არ შეუძლიან. როდესაც "ბაციკები" მზად იქნება, რამდენიმე ოჯახის ვაჟები თავს მოიყრიან რომელსამე სახლის ბანზე, რომელსაც სვანები დარბაზს ეძახიან. დარბაზში თვითონ ბავშვები შეავედრებენ "ბაციკებს" წმ. გიორგის, რათა მან მისცეს მათ გაზრდა-გახარება და მერმისცა თევდორობას მშვიდობით მოასწროს. შემდგომ შელოცვისა "ბაციკებს" ერთ ადგილას დააწყობენ ბავშვები, თოკს ჩამოაბამენ დერეფნის თავზე დაკიდებულ კოჭზე და გაიკეთებენ საქანელას (ლიგიწალ); ქანაობენ სანამ არ დაიღლებიან. შემდეგ დსხდებიან იქვე, "ბაციკებს" შესჭამენ და თავთავიანთ სახლებში წავლენ.

შუა დიდმარხვის დროს, სახელდობრ ოთხშაბათს, მოსახლე აცხობს ერთ დიდი პურს, რომელიც ოთხ კაცს ეყოფა. ამ პურს ხალხი ეძახის "ფანს". ვახშმად მას დაჭრიან იმდენ ნაწილად, რამდენი ყანაც მეოჯახეს აქვს. დაჭრის დროს კაცი მარჯვენა ხელით მარილის სანაყ ქვას ურტყამს და ამბობს: ასე გაიჭრას ჩემი ყანის (დაასახელებს თითოეულად) ჭაობი, სათიბის ჭაობი. ამ პურს ვახშმობამდე ოჯახი უკურთხებს ჟოვჟივას და ვეჟინს.

აი რას მოგვითხრობს ხალხი ხსენებულ ვეჟინსა და ჟივჟივაზე: ძველად ერთი მგელი შემოსჩვევია სოფელს და ბავშვები სულ მოუტაცნია. ამ სოფელში ყოფილა ერთი კაცი, სახელად ჟივჟIვა, რომელსაც ჰყოლია დედისერთა შვილი ვეჟინა ან ვოჟინა. ჟივჟივას მგლის შიშით თავისი შვილი ვეჟინი გოდორში (ქუფ) დაუმალია. ამ გოდორს ხალხი დღემდე ხმარობს ხორბლისა და ფქვილის შესანახად, როგორც კიდობანს. თვითონ ჟივჟივა ახლოს დამალულა-როდესაც მგელი მოვა ჩემი შვილის მოსატაცებლად, ეგებ როგორმე მოვკლაო. მოსულა მგელი, ჩამხტარა გოდორში, ჟივჟივა ხანჯლით გამოხტომია, ჩაუკლავს, მაგრამ უნებლიედ შვილიც, ვეჟინიც, გამოუფატრავს. ამ უბედურებას მთელი სოფელი შეუწუხებია. მათ უთქვამთ ჟივჟივასთვის, რაც გინდოდეს, გვთხოვეო. ჟივჟივას უთხოვია, რომ ყოველ შუა დიდიმარხვაში ჩემ შვილს უკურთხეთ ხოლმე სუფრაო და პური "ფან" მის მოსახსენიებლადო. ხალხი ასრულებს ჟივჟივას ნაანდერძევს.

ბზობა საღამოს თითოეული სოფლის ქალიშვილები, რომლნიც ჯერ ასაკში არ შესულან, ტავს მოიყრიან სოფლის უკაცო სახლში და გალობის ხმაზე ღაღადებენ (ლიღლოვი) შემდეგს: "კირილეო (კირილეისონ) ქრისტე, ამა და ამ ჩემ მიცვალებულს (დაასახელებს) ცოდვანი მისნი შეუნდევ; ამა და ამ ოჯახის წევრს, ნათესავს (დაასახელებს) დღეგრძელობა და ყოველ სამეში გამარჯვება მიეცი" და სხვა და სხვა. ამგვარად ყოველი ქალიშვილი თავისი ოჯახის მიცვალებულებს შენდობას უფლის და ცოცხლებისათვის დღეგრძელობას სთხოვს ქრისტეს. გარეშე კაცს, ვისაც მოხსენება უნდა, შეუძლია რომელიმე ქალიშვილს მისცეს მოხსენებისთვის კაკალი და თუ ეს არა აქვს, მარილის კვნიტი ნატეხი. ეს საყიდელი, თუმცა მცირე, მაგრამ საჭიროა, რომ ქრისტემ შეისმინოს ქალიშვილისაგან ხსენება. ამ "ლიღლოვს" ქალიშვილები იმეორებენ ვნების კვირაში, გარდა ოთხშაბათ-პარასკევისა - ამ დღეებში არ ვარგაო.

დიდ შაბათს ქალიშვილები ღამეს ათევენ უკაცო სახლშ. აღდგომა დილას ყველანი მიდიან ეკლესიასთან და სანამ მღვდელი წირვას არ გამოიყვანს, მანამ ესენი არ ანებებენ თავს თავიანთ "ლიღლოვს"; სხედან ფეხშემოკეცილნი - განძრევა და ადგომა არ ვარგაო.

ბზობა საღამოს ყოველი მოსახლე მოიტანს ტყიდან ერთს კონა ეკალს, თითო ღეროს ეკლესიას გაარჭობს კარებში და სარკმელში ნიშნად იმსა, რომ მავნე სულები (გოგვერ) არ შემოვიდნენ ოჯახში. ზოგან ვნების კვირას ეშმაკების კვირას უწოდებენ (ჰერიალე ნაგზი). ამ საღამოსვე იწყება ეგრეთწოდებული "ლიროკინალ" (განდევნა), რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთში "არული კუდიანებისას" ეძახიან. უფროსი ოჯახის შვილი აიღებს ნაჯახს, დანარჩენი მამაკაცები, ბავშვები მუგუზლებს წაავლებენ ხელს და ყველანი გარბიან გარეთ შემდეგის წყევლა-კრულვით: "ფუ! ფრთები დაგეწვათ მავნე სულებს! იცნონებით როგორც თეთრი და შავი ცხვარი, თორმეტ მთას იქით იყოს თქვენი ხსენება. წმ გიორგის ბეჭდით დადაღული ხართ, ბასრი იარაღით დასერილი გავთ ყველაფერი, ფიქალს დაადგით კბილები, ჩვენ კი ჯვარი გვეწეროს. წყლის ქვიშისა და ფიქალის გარდა საჭმელი სხვა ყველაფერი გაგიწყდეთ".

ამ დროს ოჯახის უფროსი ნაჯახის ყუას ქვაზე დაარტყამს რამდენჯერმე და იტყვის: "ასე გახმეს თქვენი მოზარდი თაობა!" სხვები მუგუზლებს დაარტყამენ ქვაზე და ზემოთ ნათქვამსვე იმეორებენ. ამას ასრულებენ ყოველი ოჯახი ყოველი დღის დილა-საღამოს ვნების კვირის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. ოთხშაბათს დაწოლის წინ ერთი დედაკაცი აირებს ქონის ნაჭერს, მოჰყვება და მთელ ოჯახს წააცხებს ქონს შუბლზე, კისერზე, გულზე, ხელისგულებზე, და ამბობს: ღმერთმა ბევრს აღდგომას დაგასწროთო!


დიდი ხუთსაბათს დილას იგივე დედაკაცი ყველაზე ადრე დგება, შავის მატყლისგან ძაფს დაართავს უბრად. როცა ოჯახი ადგება, ძაფი მზად არის. ქალი ხმას არ იგებს, მივა თითოეულთან და ძაფს შეაბამს მაჯაზე, ქალებს წვივებზედაც; შეაბამამს აგრეთვე ავეჯეულობას. ამის მომთავრების შემდეგ ქალს ნება აქვს ილაპარაკოს. ეს ძაფი ყვე;ლას ზედა აქვს აღდგომა დილამდინა. წირვიდან დაბრუნების შემდეგ ძაფებს ცეცხლში ყრიან და ამბობენ: "ასე დაიწვას ჩვენი სნეულებაო!" ზოგან სნეულებიც ნაცვლად "დიდმარხვას" ამობებნ.

გიორგობას ოჯახი არაფერს არ გასცემს სახლიდან სანათხოვროდაც და არც რაიმე ნივთს დასტოვებს სხვაგან. იმ დღეს ჩვეულება უკრძალავს ხალხს მაღალი ხმით დაძახებას სახლში მყოფი კაცისას გარედან. ამავე ჩვეულებას მისდევს ხალხი: ა) ხვნის დაწყების დროს, ბ) ახალწელიწადს, გ)სამგზავროდ წასვლის დროს, დ)კალოობის დაწყების დღეს და სხვა.

გაზაფხულზე, როდესაც საქონელი პირველად მიუდით საბალახოზე, მწყემსი პატარა რკინეულს დააგდებს მინდორში. და იტყვის: "სანამ მე შენ არ მოგძებნო, მანამ ჩემი საქონელიც ნუ მოუძებნია ნადირსო"

როდესაც ოჯახიდან ვინმე მიდის მგზავრად, კარში გასვლისას ფეხებქვეშ ანთებულ მუგუზალს დაუგდებენ, ისიც მუგუზალს გადააბიჯებს, იქვე წაღმა შემოტრიალდება და პირჯვარის წერით გზაის დაილოცავს.

ასავე იქცევიან, როდესაც მონდირე სანადიროდ მიდის ან ოჯახიდან რაიმე შესაწირავი, შესალოცი მიაქვთ ეკლესიაში. პირველ ორ შემთხვევაში მგზავრს ან მონადირეს მავნე სული არ მიეკარებათ, უკანასკნელს შემთხვევაში კი მოკიდებული მუგუზალი ხალხს განწმენდის საშუალებად მიაჩნია...

ზოგიერთ სოფელში ორშაბათს მონაწველი ძროხის რძისაგან ამოწურულ ყველს მარტო ქალები ჭამენ, კაცებს არ ეჭმევაო, ძროხებს აწყენსო, ე. ი. ცოტას მოიწველებიანო.

ძუძუმწოვარა ბავშვს, თუ იგი ღამით სადმე წაიყვანეს სახლიდან, ნახშირს ან წასცხებენ შუბლზე - მავნე სული (მათხაფ) არ მიეკარებაო; ამავე მიზნით ბავშვს აკვანში უთუოდ რაიმე რკინეული უნდა ედოს.

მგზავრი ზოგიერთ გორზე მოტეხილ ხის ტოტებს აგროვებს, წაღმა ტრიალდება იქვე და კარგ მგზავრობას სთხოვს ღმერთსა. თედორეობას ქალი და კაცი ცოტა თმას მოიკრეჭს - უმისობა არ ვარგაო. ასევე უპარსავ ცხვარს ან მთლად პარსავს, ან ცოტა მატყლს მაინც შეპარსავენ. კვირა დღეს თმით მოპარსვა არ ვარგა - ღვთის წინაშე ადისო. ორშაბათ დღეს არც თავის ვარცხნა, არც კერვა არ ვარგა - საქონელს ნადირი შესჭამსო. როცა საქონელი ღამე გარეთ დარჩება, სამფეხა სკამს ბაწრით შეკრავენ - ნადირს პირი შეეკრებაო. სამშაბათს და ხუთშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ ქალები აღარა საქმიანობენ - საქონელი შეგვიმცირდებაო. 20 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქალები კანაფს არ რთავენ - არ ვარგაო. 9 მარტამდე მინდვრებში მიწას არ მიაყრიან თოვლს (ლიდვაც) - მარტში ავდარი იცისო (ზოგიერთ სოფელში თოვლი რომ მალე დადნეს და ხვნა არ დაუგვიანდეთ, თოვლს ზემოდან მიწას მიაბნევენ - თოვლი უფრო ადრე დნებაო).

მთვარეს დიდი მნიშვნელობას აძლევს ხალხის ცრუმორწმუნეობა. ზეპირად იციან რამდენი დღის მთვარეა კარგი მოგზაირობისთვის და სხვა რამისთვის. მაგალითად, სამგზავროდ კარგიაო 3, 6, 7, 10, 16 და 20 დღის მთვარე. ყველა დღეს ორშაბათს ამჯობინებენ, თუ ამ დღეს მთვარეც 7 დღისაა.

ღორების პატრონად ხალხი რაღაც "ლაპატრას" თვლის. მეისრობას ყოველი მოსახლე ღორს კლავს, მის ენას და ერთ პურს საღორის კარზე შეალოცვენ "ლაპატრას, რომ ღორები გაამრავლოს".

ცხვრების გამრავლებას ხალხი ეხვეწება "სარეკელ დუცეშს" (დეც ცაა). ნადირის მოცემას მონადირე წმ. გიორგის სთხოვს, "დალს", "აფსათს" და "სგიმ-ბერ-მოძღვარს".

როცა სავსე კიდობნის ახდა უნდათ, პირველად გამოაცხობენ ერთ პურს, რომელსაც მეზობელი ქალი გობშივე უჩქმეტს ცერითა და სალოკი თითით. სამ თითს, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, შუაში მოჰკიდებს და ნათითურებს დაამჩნევს. როცა ეს პური გამოცხვება, რომელსაც "ლიშგნის" (დახემსებას) უძახიან, მთელი ოჯახი ჩამოირიგებს, ცოტ-ცოტას ყველა დაიხემსებს - ერთს მოჰკბეჩს, შემდეგს გადასცემს. დახემსების დროს ფეხქვეშ ყველას დანა და ნახშირი უძევს და ამბობს: "ღმერთო ბარაქიანი ქენი ჩვენი კიდობანიო!" ამავე დღეს აცხობენ მეორე "ლიშგნისაც", რომელიც გარეშე კაცს, ვისაც ოჯახი ერთგულ და ბედნიერ კაცად იცნობს, უნდა ახემსონ. როდესაც, ეს პური გარეშე კაცთან მიაქვთ, კალთას გადააფარებენ - ცამ არ დახედოს, არ ვარგაო.

ძნაჩაშლილ კალოს ნაჯახით ან სხვა რამე რკინის იარაღით სდამჯერ შემოუვლიან და შემდეგ სიტყბეს ამობობენ: "ღმერთო კალოს ბარაქა მიეცი! ვისაც ჩემ კალოზე ცუდი თვალი და გული ჰქონდეს, შენ გაახმე, ამოაგდე მისი ძე და მომავალი... ჩემს კალოს ჯვარი დასწერე!" ხალხს სჯერა, რომ არის ჯადო (მოხადანი), რომელსაც ისეთი ძალა ავქს, რომ ერთის კალოდან მეორისაში უჩინრად გადაიტანს ხორბალს. მე ვყოფილვარ დამსწრე, რომ სოფელში ხატი ჩამოეტარებინოთ კარდაკარ და ყოველი მოსახლე დაეფიცებინოთ, სახლშI "მახადანი" (ჯადო) არ შეინახოთო, რომელიც ვითომ მქონებელს გაამდიდრებს და სოფელს კი ამოაგდებსო.

კაცს თუ ავი ზნე დაემართა, თოფის სროლითა და ხანჯლებით აშინებენ - ჰგონიათ ეშმაკც გამოვდევნითო ავადმყოფისაგან. ავადმყოფს ცხვირ-პირთან უხრჩოლებენ აგრეთვე მგლის ბალახს. როცა ავადმყოფი მორჩება მგლის კბილსა და დათვის კლანჭებს გამოჰკრავენ მეშში (დამუშავებული ტყავი) და ჩამოჰკიდებენ კისერზე. ამას ეძახიოან "ქისუმბურას" (კისერბმული).

გაზაფხულზე კვიცს რომ აჯობო, ფეხჩაცმული უნდა იყო, თორემ ფეხების ტკივილი იცისო; მწყემსაც ფეხჩაცმული უნდა შეხვდე, თორემ იგივე მოგივა, რაც კვიცის დაჯობინებისაგან. თიკანს რომ აჯობო, დანახვამდე ხმა არ უნდა გაიგონო; თუ გაჯობა თიკანმა, ვაჭარი გაჯობებს ლაპარაკში ვაჭრობის დროს. გოჭსაც დაჭყვრებამდე უნდა შეხედო, თორემ ნაჯობნი იქნება და მუცლის ჭუჭუნი იცისო. პეპელას მაშინ უნდა შეხედო, როცა აღმოსავალეთისაკენ მიფრინავს. გუგულს რომ აჯობო, დახემსებული უნდა იყო, პურნაჭამი, თუ გაჯობა, არაფერს შენ ნაქანარს ბარაქა არ ექნებაო; ამას ძლიერ უფრთხის ხალხი -შიმშილობა იცისო.გველს რომდაინახავ გაზაფხულზე, სახლში უნდა მოხვიდე და ცეცხლის დანახვამდინ ნაჭას (საქვაბეს) მოჰკიდო ხელი - გველის ჯობნა ცუდ გუნებაზე დააყენებს კაცსო. ბაყასყს რომ აჯობო, წყალში უნდა შეხედო, არჯობნამ, ფეხებსი ტკივილი იცისო. ახალი მთვარე რომ დაიბადება, გამოჩნდება, საჭიროა კაცზე დაინახო. რა ხასიათზეც შეხედავ მთავრეს, იმ ხასიათზე დადგები შენც მთვარის გამოცვლამდე. შემდეგი მთვარის დანახვისას ვერცხლი და რკინა უნდა ჩაიდო კბიოლებში - ვერცხლი მოასწავებს გულის სიწმინდეს, რკინა - სიმაგრეს. ახალი მთვარის მნახველმა ცეცხლის დანახვამდე პურის ნამცეცი უნდა შეჭამოს. თუ ჩხართვმა და ჩხიკვმა მარცხნივ დასძახა მგზავრს ან მონადირეს, ცუდად მიაჩნიათ - მგზავრს რაიმე უბედურება შეემთხვევა, ხოლო მონადირე ხელცარიელი დაბრუნდებაო; ამასვე უნდა მოელოდეს კაცი, თუ მწყერი აუფრინდა გზაზე. მგზავრისათვის ბაყაყის გზაზე გადახტომას არაფერი სჯობია. ნაახცალწლევს ყველაზე უწინ თოხიტარას მოკვლაა უკეთესი მონადირესათვის.

როცა ფეხთ იცავმ, პირველად მარჯვენა ფეხზე უნდა ჩაიცვა, უწინ მარცხენაზე ჩაცმა არ ვარგაო. ცეცხლი თუ შიშინებს, ავდარი იქნებაო; თუ მარცხენა ყური გექავება ავდარი იქნებაო, თუ მარკვენა - დარი. ხახის ცის ქავილმა დარი იცის. თუ მარცხენა წარბი გექავება, მგზავრობა არ ვარგა, თუ მარჯვენა -ნაფიქრალი აგისრულდება. მარცხენა ბეჭის ფეთქვა მოასწავებს კაცის სიკვდილის გაგონებას და ჩხუბს. ზედა ტუჩის ქავილი სასმლის დალევას მოასწავებს, ცხვირის წვერის ქავილი - ჯავრს, უსიამოვნებას. მუხლის თავის ხტომამ სატირლად დაჩოქება იცის. ცხვირის ნესტოების ქავილი მხიარულების მომასწავებელია. კატის პირის ბანა, თუ ყურიც მოატანა თათქვეშ, დარი იცის; ქათმები თუ იქექებიან ავდარი იქნებაო. ძუძუმაწოვარა ბავშცის თავზე ხელის ჩამოსმა კაცს სიკვდილს უქადის. საკლავის ბეჭზე (გარდა ღორისა) გამოიცნობენ: კაცს სიკვდილის ოჯახში, ოჯახი9ს უფროსის სიკვდილს, ვინმეს სიკდილს სოფელში, ახლობლობაში, ვაჟიშვილის შეძენას ოჯახში, ცეცხლის გაჩენას და სხვა რაიმე ფათერაკს.


ბარბალე

- ბაბარი, (შუმერულ ქართული ბარბარ - ბარბარე)

- ერთ ერთი უძველესი წარმართული ქალღმერთი - ქართულ (ძირითადად სვანურ) მითებში, მზის მოქცევის ადგილობრივი ღვთაება, დედობისა და ფურობის ასტრალური სახე. ეს ძალზე პოპულარული ქალღვთაება ნათლისა და ბნელის ბრძოლაში პირველს ემსახურება, ჩაბმულია კოსმოგონიურ მოვლენების რკალში, რადგან ზეგავლენას ახდენს მზის ბუნიობაზე, ებრძვის ციურ გველეშაპს, რომელიც ლამობს მზისა და მთვარი ჩაყლაპვას (კიდეც ყლაპავს ხოლმე მთვარეს და ამ დროს მთვარე სისხლისფრად ჩანს - ესაა მთვარის დაბნელების ახსნა სვანურ მითებში. შემდეგ მზე გველეშაპს ფატრავს სხივებით და ათავისუფლებს მნათობს).

უძველეს წარსულში მისი სახელობის თვე იყო დაალოებით იანვარი.

შუმერთა მზის ღვთაების ბაბბარის კავშირი ქართულ წარმართულ ბარბარესთან მზის ღმერთტან და ქალღმერთთან - უდავოა. სახელთა სხვადასხვაობის მიუხედავად მათი ფუნქცია და ხასიათი მთლიანობით ხასიათდება: ბარბარ - ბაბალე - ბარბარე - შამაში,

ენლილი - ლილე - და უთუ შეიძლება იწოდონ შუმერულ ქართული პანთეონის მზის ღვთებად. სვანეთში ბარბალეს სახე ღრმად დამკვიდრდა, შემდეგ შეცვალა ტარ-ღვთაებამ (" ტარ-ბედნიერმა"), ცხვრის მფარვლმა ღვთაებამ. კულტი მაინც დარჩა (ი .ჯავახიშვილი, ვ. ბარდაველიძე)

ბარბალეს საკულტო "გირგედს", მარმარილოს მრგვალ გამოსახულებას, "ხაჭაპურის გულს" უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიაში დღემდე ინახავენ უთუოდ მზის სიმბოლოს მნშვნელობა ჰქონდა, სენთან ბრძოლა ევალებოდა, ამიტომ უკლავდნენ ძროხას ან ხარს. მისი დღესასწაული ბარბალობა მზის მობრუნებასთან იყო დაკავშირებული. დიდ წმინდა სალოცავზე ბარბალ - დოლაშა ეძრვნებოდა სიმღერა, რაც მსხვერპლშეწირვის წინ სრულდებოდა და უდავოდ მზისა და ხარის კულტის შერწყმას გულისხმობდა:

"მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!! მზე შენია, ბარბალ - დოლაშ!!"

საკულტო ლოცვა სრულდებოდა ბარბალობას - სვანურად ბარბლობ, ბარბლაშ.

სარიტუალო შესაწირავი იყო რძის ფაფა, დიდი მრგვალი ხაჭაპურები (სვანურად მურგვალ ქუთ), ტაბლა (ლეჩხუმში) მრგვალი საგნები,

რომელნიც მზის დისკოს ემსგავსებიან: ნედლი წკნელის და მწვანე რტოების რგოლი, გვერგვი, გახვრეტილი კვირისტავი და სხვ...


მწვანე გრეხილის წკნელის რგოლები - "კირკვტაილები" სვანეთში განცხდაბ დღეს - ნათლიღებასაც იცოდნენ: სახლში ჰკიდებდნენ მრავლად. ეს სულ სოლარული (მზის) ატრიბუტებია. ღამით გამოცხობილ ხაჭაპურებს ბოსელში წაიღებდნენ,ან ფარეხში, იქვე ლოცულობდნენ და ჭამდნენ შინაურები, უცხოს არ უნდა ენახა.

თუ ამ რიტუალს რამე დააკლდებოდა, იმ წელს საქონელს ზიანი არ ასცდებოდა და "სულ უკუღმა მიდიოდა" პირუტყვი.

ანუ ჩვენ რომ ვიცით ლობიანების ცხობა ბარბარობაზე -

ეს წარმართული კულტის გადმონაშთია.


თან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი

დეკემბერში ანუ 22 დეკემბერს ყველაზე მოკლე დღეა -

ანუ ამ დღის მერე ხდება "მზის შემობრუნება"

ანუ დღის ზრდა....

გარკვეულ წილად ეს სვანური რიტუალი ამასაც ასახავს..

Comentarios


bottom of page