top of page

ჯადოქრული ატრიბუტიკა


დღესდღეობით თანამედროვე ჯადოქრის ატრიბუტებს შეადგენს:


ამულეტი - ის უნდა იყოს პატარა და აუცილებლად ბუნებრივი მასალისგან (ხე, ძვალი, ნიჟარა, ძვირფასი ქვა) დამზადებული. მისი შენახვა შეიძლება პატარა ჩანთაში, მაგრამ უმჯობესია, სამკაულის სახით ტარება.


ზარი - გამოიყენება წმინდა სულების გამოძახებისთვის და ელემენტარულ (უფრო კონკრეტულად - ბუნების 4 სტიქიის) მაგიაში. მისი საშუალებით ხდება მიწის, ცეცხლის, ჰაერის და წყლის ძალების გამოღვიძება. აუცილებელია, რომ ზარის ხმა მფლობელისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს, ამიტომ სწორად უნდა შეირჩეს.


პატარა დანა - ე.წ. Bolline ან Athame, გამოიყენება უშუალოდ რიტუალის დროს, როცა საჭიროა სანთელზე, თილისმაზე ან სხვა ნივთზე სიმბოლოების ამოტვიფრვა, ბალახეულის დაჭრა და ა.შ.


აჩრდილების წიგნი - ჯადოქრის წიგნი, წარმოადგენს ბლოკნოტს ან რვეულს, სადაც მფლობელი იწერს შელოცვებს, რიტუალის ჩატარების წესებს, სიზმრებს, რეცეპტებს, ინფორმაციებს ბალახეულის და სიმბოლოების შესახებ, წინასწარმეტყველებებს და ა.შ.


სანთლები - მათ იყენებენ შელოცვების დროს. სანთლების რაოდენობას და ფერებს შელოცვის და რიტუალის მიხედვით თავად ირჩევს ჯადოქარი.


თასი - გამოიყენება იმ ღვინისთვის ან წყლისთვის, რომელიც მაგიური რიტუალებისთვისაა საჭირო. უკავშირდება წყლის სტიქიას და ქალურ ენერგეტიკას. მასალა უმეტესად ვერცხლია.


ნახშირი - მისი საშუალებით აკეთებენ წარწერებს. ნახშირს ხშირად იღებენ რიტუალის პროცესში, როცა სპეციალურ ლამბაქზე წვავენ ხეს.


სიმი ან მავთული - გამოიყენება დამაკავშირებელი ან გასათავისუფლებელი რიტუალების დროს. ფერი და სისქე დამოკიდებულია კონკრეტულ რიტუალზე.


ქსოვილი - უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხავერდი. მისი გამოყენება ხდება ისეთ რიტუალებში, სადაც დომინირებს ბალახეული, რადგან ქსოვილი მათ ენერგიებს უნარჩუნებს.


ტარო - უმთავრესი სამკითხაო ბანქო. ტაროს საშუალებით ხდება წარსულის, აწმყოს და მომავლის გამოცნობა.


რუნები - ქვებზე ან ხეზე გამოსახული სიმბოლოები გამოიყენება სხვადასხვა სახის მკითხაობისთვის. ასევე, რუნებს იყენებენ დამცავი ფუნქციით.


კრისტალები - სუფთა ენერგიის მატარებელია. გამოიყენება სხვადასხვა რიტუალებში.


ეთერზეთები - მათი დანიშნულება საკმაოდ დიდია. ისინი ხშირად აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენება და რიტუალებში ერთი ეთერზეთის მეორით ჩანაცვლება დაუშვებელია.


ბუმბულები - თავისუფლების მომტანი ატრიბუტია და შესაბამის რიტუალებშია საჭირო.


ბალახეული და ყვავილები - დამოუკიდებელი ატრიბუტები და დადებითი ენერგიის წყაროა. მათი დანიშნულება ასევე განკურნებაა. ხშირად გამოიყენება სასიყვარულო რიტუალებში, მაგრამ როგორც ეთერზეთების შემთხვევაში, ერთი კონკრეტული მცენარის შეცვლაც არ შეიძლება მეორე მცენარით.


საკმეველი - არსებობს ჩხირების, კონუსების და ფხვნილების სახით, როგორც ბალახეულის, ასევე ყვავილების. კონკრეტული რიტუალის ჩასატარებლად კონკრეტული საკმეველი გამოიყენება.


ქვასანაყი, როდენი - საჭიროა ბალახეულის და მცენარეების დასანაყად.


პენტაკლე - წარმოადგენს ხის, ლითონის ან კერამიკის დისკს, რომელზეც გამოსახულია პენტაგრამა (ხუთქიმიანი ვარსკვლავი) და სხვა მაგიური სიმბოლოები. დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან და მისი დანიშნულება დაცვაა.


რიტუალური გრაგნილი - ეს არის ქაღალდი, სადაც წერია კონკრეტული რიტუალის ჩატარების ზუსტი წესი შელოცვებით, რეცეპტით და ა.შ.


მანტია - სამოსი, რომელსაც იცვამს ჯადოქარი, რომ გააძლიეროს შელოცვის ძალა. აუცილებელია, მანტია ბუნებრივი მასალისგან (ბამბა, აბრეშუმი) იყოს დამზადებული.


შელოცვის ქაღალდი - მისი და ნახშირის საშუალებით ჯადოქარი ხატავს უსასრულო წრეს, რომელსაც წერილობითი შელოცვის მნიშვნელობა ენიჭება. შემდეგ ქაღალდს წვავს და ამით აღნიშნავს მის ერთიანობას სამყაროსთან.


თილისმა - ნივთი, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა სიმბოლოები. მისი სამკაულის სახით გაკეთება საჭიროა რიტუალის პროცესში, რადგან ამ დროს თილისმა ჯადოქარს უწყვეტ ენერგიას აწვდის. რა თქმა უნდა, თილისმა კონკრეტული მიზნით უნდა იყოს დამზადებული (თავდაცვა, წარმატება და ა.შ.).


საცეცხლური - ლითონის ჭურჭელი, სადაც რიტუალის დროს წვავენ ხეს ნახშირის მისაღებად და საკმეველს. დაკავშირებულია ჰაერის სტიქიასთან.


ჯოხი ან კვერთხი - ჯოხის სიგრძე დაახლოებით 45 სმ-ია და დამზადებულია რომელიმე წმინდა ხისგან (ტირიფი, მუხა, ალუბალი, თხილი, ვაშლი, ატამი), თუმცა, არსებობს ლითონის და შუშის ჯოხებიც. მისი დანიშნულებაა, მფლობელს ენერგია მიაწოდოს. უკავშირდება ჰაერის სტიქიას და მამაკაცურ ენერგეტიკას. ხშირად ასეთ ჯოხებს თავად ჯადოქრები ამზადებენ და სხვადასხვა ორნამენტებით, მაგიური სიმბოლოებით და დეკორაციებით აფორმებენ. რაც შეეხება კვერთხს, მისი სიგრძე ინდივიდუალურია და მფლობელს მხარამდე უნდა წვდებოდეს.


ქვაბი - გამოიყენება ბალახეულის მოსახარშად.


ხმალი - დაკავშირებულია ცეცხლის სტიქიასთან. მისი საშუალებით ხდება მაგიური წრის შემოხაზვა. უმეტეს შემთხვევაში ამ ნივთის გამოყენება ქურუმის პრივილეგიაა, თუმცა, ჯადოქრების გარკვეულ ნაწილს მაგიური ხმალი მაინც აქვს.


ცოცხი - აუცილებელია უარყოფითი ენერგიის მოსაშორებლად. მის დასამზადებლად გამოიყენება 3 ხის ტოტები: იფნის სახელური დაცვისა და 4 სტიქიის გასაძლიერებლად, არყის ხის ჯაგრისი განწმენდისთვის და ტირიფის ზონარი ღვთიური ძალებისთვის.


საკურთხეველი - ჯადოქრის პატარა მაგიდა, სადაც განთავსებულია კონკრეტული რიტუალისთვის განკუთვნილი მაგიური ატრიბუტები.


ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების გარდა თითოეული ჯადოქარი დამატებით კონკრეტულ ატრიბუტს იყენებს. ყველაფერი დამოკიდებულია მაგიის სახეობაზე.

Comments


bottom of page