top of page

ახალი სატანური ერის საფუძვლები

ქრისტიანობაში 7 მომაკვდინებელი ცოდვაა. ესენია: სიხარბე, სიამაყე, შური, მრისხანება, გაუმაძღრობა, მრუშობა და სიზარმაცე. სატანიზმი წააქეზებს ადამიანს, ჩაიდინოს ეს „ცოდვები“, რამდენადაც მათ მივყავართ ემოციურ თუ ხორციელ კმაყოფილებამდე. სატანისტმა იცის, რომ სიხარბეში ცუდი არაფერია – ეს არის უბრალო სურვილი,გქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე გაქვს. შური – მოგწონდეს სხვისი კარგი, და გსურდეს ისეთივე შენთვის. სიხარბე და შური არის ამბიციის მამოძრავებელი ძალები. რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოთხოვნილებების მცირე ნაწილის დაკმაყოფილებაც კი. გაუმაძღრობა – იმაზე მეტის ჭამაა, ვიდრე საჭიროა. როდესაც საკმარისზე მეტს შეჭამ და გასუქდები, მეორე „ცოდვა“ – სიამაყე, გაიძულებს დაიბრუნო ისეთივე გარეგნობა, როგორიც გქონდა. ყველა, ვინც ტანსაცმელს ყიდულობს სილამაზის გამო და არა მხოლოდ იმისთვის,რომ ჩაიცვას, სიამაყის მსხვერპლად შეიძლება მივიჩნიოთ. სატანისტებს ხშირად უწევთ კამათი სისადავის მომხრეებთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტანსაცმლის ერთადერთი დანიშნულება – სხეულის დაფარვაა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათ თვითონაც არ აცვიათ უბრალო სამოსი. დედამიწაზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს სურვილი, კარგად გამოიყურებოდეს. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ზოგიერთებმა, რომ მსგავსი რამ არ სურთ, მაინც შევძლებთ მოვძებნოთ იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ისინი სიამაყის „მსხვერპლნი“ არიან. თუკი დილით ადრე ადგომა გეზარება, სიზარმაცეს და შესაბამისად, ცოდვილობას დაგწამებენ, ხოლო თუკი ლოგინში დიდხანს გაჩერდები, შესაძლოა მორიგმა ცოდვამ – სიძვამ იჩინოს თავი. სექსუალური მოთხოვნილების ქონა – მრუშობასთან ასოცირდება. არადა, ბუნებამ, ადამიანები რომ მოემრავლებინა, ორი უძლიერესი ინსტინქტი გვაჩუქა – თვითგადარჩენისა და გამრავლების. ქრისტიანულმა ეკლესიამ კი გამრავლების სურვილი მრუშობად მონათლა და უზრუნველყო ის, რომ ყველა ჩაიდენდა ამ „მომაკვდინებელ ცოდვას“. ყველაზე ძლიერი ინსტინქტი – თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელსაც მივყავართ ბოლო ცოდვამდე – მრისხანებამდე. ნუთუ ცოდვაა, როდესაც რაღაცას გვიშავებენ, ჩვენ კი ვბრაზდებით და პასუხს ვუბრუნებთ, რათა შემდგომი თავდასხმა ავიცილოთ თავიდან?! სატანისტების დევიზია „თუკი ერთ ლოყაში გაგარტყამენ, შემოსცხე მეორეში.“ ასე რომ, ნურავის დატოვებ უპასუხოდ, შენს გზაზე ნურავის დაინდობ და იყავი საშიში დამარცხების შემთხვევაშიც კი! რამდენადაც ადამიანს ინსტინქტები ცოდვისკენ უბიძგებენ,ყველა ადამიანი ცოდვილია და როგორც ვიცით,ცოდვილები ჯოჯოხეთში მიდიან. თუკი ყველა ჯოჯოხეთში წავალთ, მაშინ იქ ჩვენი მეგობრების ნახვასაც შევძლებთ. რაც შეეხება სამოთხეს, ის რაღაც უცნაური ჯიშის არსებებით უნდა იყოს დასახლებული, რომლებმაც მხოლოდ იმისთვის იცხოვრეს, რომ სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ ეჟღარუნებინათ ქნარი. „დრო შეიცვალა, რელიგიური ლიდერები აღარ ამბობენ, რომ ყველა ბუნებრივი მოთხოვნილება ცოდვაა. არ თვლიან, რომ სექსი – სიბინძურეა, სიამაყე და შური – ცოდვა. თუ არ გჯერათ, შეხედეთ თანამედროვე, ლიბერალურ ეკლესიებს. ისინი აღარ გმობენ იმას, რასაც თქვენ ქადაგებთ“ – ასეთი სიტყვები უფრო და უფრო ხშირად გვესმის, რაც გულწრფელად გვიხარია. მაგრამ რატომ უნდა განვაგრძოთ მომაკვდავი რელიგიების ყურით თრევა? თუკი ისინი აღიარებენ,რომ მათი კანონები მოძველდა და სატანისტური იდეების ქადაგებაზე გადავიდნენ, რატომ არ არქმევენ თავიანთ რელიგიას სატანიზმს? ბოლო ხანებში ქრისტიანმა ლიდერებმა გადაწყვიტეს შეერბილებინათ თავიანთი მოძღვრება. აი ამის ერთ–ერთი მაგალითი: ადრე ხალხი იძულებული იყო, წირვა ლათინურად მოესმინა, ახლა კი მათ საშუალება მიეცათ, მშობლიურ ენაზე უსმინონ სისულელეებს. ეს, რასაკვირველია, აადვილებს მღვდლის ნაბოდიალების გაგებას, მაგრამ ამავდროულად, აკნინებს რიტუალურ მხარეს – უცხო ენაზე წარმოთქმული გაუგებარი სიტყვები შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხზე, ახლა კი, როდესაც მშობლიურ ენაზე მოუყვებიან ზღაპრებს, ყველაზე სულელ მრევლსაც კი გაუჩნდება შეკითხვები. სასულიერო პირები რომ შუა საუკუნეებში მოქცეულიყვნენ ისე, როგორც დღეს იქცევიან, მათ მწვალებლობას დასწამებდნენ, დაიწყებოდა მათი დევნა და ყველა მათგანს უპირობოდ მოკვეთდნენ ეკლესიიდან. დღეს ისინი ღიად ლაპარაკობენ იმაზე,რომ რელიგია დროს უნდა დაეწიოს. ალბათ ვერ ხვდებიან, რომ თავიანთივე მოუქნელი კანონები და მცნებები არასოდეს მისცემს საშუალებას, დაეწიონ დღევანდელობას. ქრისტიანები ყოველთვის ადამიანის სულიერ მხარეს აყენებდნენ ყველაფერზე წინ და საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას ხორციელს. ისინი ცხოვრებას მიიჩნევდნენ წუთიერ, წარმავალ მოვლენად, ადამიანის სხეულს კი სულის ბინძურ ჭურჭლად თვლიდნენ. ხორციელი სიამოვნება არაფერს ნიშნავდა, ხოლო ტანჯვა მათთვის „უფლის საბრძანებელში“ მოხვედრის წინაპირობა იყო. დღეს კი ფარისევლურად გვეუბნებიან,რომ მათი რელიგია რეფორმების შედეგად გახდება ისეთი,როგორიც დღევანდელ ადამიანს სჭირდება. ისევ ტყუიან! თუ ამის გაკეთება მართლა უნდათ, აქვთ ერთადერთი გზა – დღესვე უარყონ საკუთარი ხავსმოდებული მოძღვრება და დაარქვან თავიანთ რელიგიას სატანიზმი. საჭირო გახდა ახალი რელიგია, რომელიც დამყარებული იქნება ადამიანის ინსტინქტებზე. ამ რელიგიას ისევ მათ დაარქვეს სახელი – სატანიზმი. სხვათაშორის,სატანიზმმა რელიგიური დავა გამოიწვია შობადობის კონტროლთან დაკავშირებით – მუდამ სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქრისტიანებს სალაპარაკო მიეცათ. „ეშმაკი“ არის ძალა,რომელმაც ქალებს საშუალება მისცა შიშველი ფეხები გამოეჩინათ და მიშტერებული მამაკაცები აღეგზნო. იმავე „ეშმაკმა“ გამოაჩენინა სხეულის შიშველი ნაწილები მონაზონ გოგონებს. შესანიშნავია! ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა ისინი საერთოდ გაშიშვლდნენ! ამასთან დაკავშირებით სატანა უბრალოდ იღიმება და აღნიშნავს,რომ ეს სულაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან ზოგიერთ მონაზონს საკმაოდ კარგი მკერდი და ფეხები აქვს. ბევრ ეკლესიაში საკმაოდ კარგ, ვნებისაღმძვრელ მუსიკას უკრავენ. ესეც ხომ სატანის შთაგონებულია! ეშმაკს ყოველთვის საუკეთესო მელოდიები მოსდის თავში! ეკლესიის პიკნიკები, მიუხედავად ბევრი საუბრისა „გულუხვი ღმერთის დღეობაზე“, სხვა არაფერია, თუ არა საპატიო მიზეზი მუცლის გასახეთქად. ისიც ყველამ იცის,რომ ბუჩქებში ბიბლიას არავინ კითხულობს. კიდევ ერთი კარგი ბიზნესი, რომელიც ეკლესიამ წამოიწყო, კარნავალებია – ახლა ამ ხორციელი სიამოვნებისთვის განკუთვნილ დღესასწაულებზე ყველა თვალს ხუჭავს, რადგან ფული ეკლესიაში მიდის, სასულიერო პირები კი განაგრძობენ „ეშმაკის საცდურების“ შესახებ ქადაგებას. სხვათაშორის, კარნავალი წარმართებისგან გადმოიღეს. ქრისტიანებმა ისინი შეავიწროვეს და თითქმის მთლიანად გაანადგურეს, დღეს კი მათ რიტუალებს შეცვლილი სახელებით ატარებენ. მღვდლები და ეპისკოპოსები სამშვიდობო დემონსტრაციების წინა ხაზებზე დგანან, ლიანდაგებზე უწვებიან სამხედრო მატარებლებს და ამ დროს მათი კოლეგები მშვიდად აკურთხებენ ტყვიებსა თუ ბომბებს. რომელიღაც მხარე აშკარად მტყუანი უნდა იყოს, მაგრამ დამნაშავედ.. აქაც სატანა მიაჩნიათ. როდესაც ლეკვი იზრდება, ძაღლს ვეძახით. როდესაც ყინული დნება – წყალს. როდესაც წელიწადი სრულდება, კალენდარს ვცვლით, რათა დღეები არ აგვერიოს. როდესაც „მაგიას“ მეცნიერულ ახსნას უძებნიან, აღარავის მიაჩნია ის სასწაულად და აღარავის უკვირს. როდესაც სახელი აღარ შეესაბამება მოვლენას თუ ნივთს, ლოგიკურია, მოვძებნოთ უკეთესი დასახელება. ვინმეს შეუძლია ახსნას რატომ არ ვრცელდება ეს წესი რელიგიაზე? რატომ არ ვუცვლით რელიგიას სახელს, როდესაც აშკარაა რომ მას საერთოდ დაკარგული აქვს საწყისი სახე? და თუკი მრევლი აღარ იცავს ქრისტიანულ კანონებსა და მცნებებს, რატომ უწოდებენ თავს ქრისტიანებს? თუ არ გჯერა იმის, რასაც შენი რელიგია გასწავლის, რატომ ხარ მისი მიმდევარი? ალბათ არჩევნებზე არასოდეს მისცემდი ხმას იმ კანდიდატს, რომლის შეხედულებებსაც არ იზიარებ. მაშინ რატომ აძლევ „სულიერ ხმას“ იმ რელიგიას, რომლის იდეებსაც არ ეთანხმები? შენ არ გაქვს პოლიტიკურ ვითარებაზე წუწუნის უფლება, თუკი ხელს უწყობ არსებულ სისტემას. სხვათაშორის, ხელშეწყობის ერთ–ერთი ფორმა – ჩუმად ყოფნა და ყველაფერზე თავის დაქნევაა! ანალოგიურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ რელიგიაზეც – თუკი შიში არ გაძლევს იმის საშუალებას,რომ საზოგადობის წინაშე ხმამაღლა გამოხატო შენი პროტესტი, მაგის გაკეთება შეგიძლია მეგობრების ვიწრო წრეში, სახლში და ა.შ. დუმილი ყველა შემთხვევაში დანაშაულია! „სატანიზმი ფილოსოფიაა“ – აღნიშნავენ ზოგიერთები, „მაგრამ რატომ ეძახით „სატანიზმს“? უწოდეთ მას ჰუმანიზმი, ან რაიმე უფრო მისტიკური და შედარებით ნაკლებად მყვირალა სახელი“. საქმე ისაა, რომ ჰუმანიზმი არაა რელიგია – ის უბრალოდ, ცხოვრების სტილია, ყოველგვარ რიტუალებსა და დოგმებს მოკლებული, სატანიზმში კი რიტუალებიც გვაქვს და დოგმებიც – მათი არსებობა აუცილებელია! სატანიზმი დღეს არსებული ოკულტური სექტებისგან და სხვა დაჯგუფებებისგან რადიკალურად განსხვავდება. აღნიშნული თვითმარქვიები აცხადებენ, რომ მათი მიმდევრები მაგიას მხოლოდ ალტრუისტული მიზნებით იყენებენ. სატანისტები კი მსგავს განცხადებებს ირონიით უყურებენ, რადგან იციან, რომ უაზრო ალტრუიზმი ერთ–ერთი ცოდვაა. სატანიზმი ქადაგებს კონტროლირებად სიხარბეს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვისთვის არაფერი არ უნდა გავაკეთოთ – პირიქით, თუკი შენთვის ძვირფას ადამიანს დაეხმარები და გაახარებ, მისი სიხარული შენც მოგანიჭებს კმაყოფილების შეგრძნებას. სატანიზმის მიზანიც სწორედ ეგაა – პიროვნებას მისცეს თვითდაკმაყოფილების საშუალება. სატანიზმი ქადაგებს „ოქროს წესის“ მოდიფიცირებულ ვარიანტს, რომელიც ასე გამოიყურება: „მოექეცი სხვებს ისე, როგორც ისინი გექცევიან შენ“, იმიტომ რომ თუკი სხვებს ისე მოექცევი, როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ისინი კი არ დაგიფასებენ სიკეთეს და კარგის ნაცვლად ცუდს გაგიკეთებენ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ შენს რისხვას იმსახურებენ, მათთვის კიდევ ერთი სიკეთის გაკეთებაც კი ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგება. „თეთრი მაგიის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანს დაწყევლი, ეს წყევლა სამმაგად დაგიბრუნდება და ა.შ. ეს მორიგი სისულელეა, რომელიც ნეო–წარმართულმა დაჯგუფებებმა შეთხზეს. ამ „თეთრ მაგებს“ ძალიან კი უნდათ მაგიას ეზიარონ, მაგრამ ვერ თავისუფლდებიან თავში მაგრად ჩაჭედილი ქრისტიანული იდეოლოგიისგან. ისინი თავებს ჯადოქრებს უწოდებენ, თუმცა 75% მათი მსოფლთმხედველობისა ქრისტიანული სისულელეებითაა გამოტენილი. თუკი ვინმე ამბობს, რომ მაგიას იყენებს მხოლოდ სხვების დასახმარებლად და ერთხელაც არ უფიქრია საკუთარ თავს დახმარებოდა მისი საშუალებით, უკეთეს შემთხვევაში სულელად უნდა მივიჩნიოთ. სატანისტმა ქრისტიანობას შეიძლება პატივი სცეს თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ საუკუნეებია,სისულეებს ქადაგებს და დღემდე მაინც მოაღწია, მაგრამ შეუძლებელია სატანისტს არ გაეცინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც თითქოსდა ემიჯნებიან ქრისტიანობას და სხვა სახელით განაგრძობენ ქრისტიანული წეს–ჩვეულებების დაცვას. როგორც ამბობენ, „თეთრი მაგია“ გამოიყენება კეთილშობილური საქმეების გასაკეთებლად, „შავი მაგია“ კი ეშმაკის მსახურებაა და შესაბამისად, კარგს არაფერს აკეთებს. სატანიზმი მათ ერთმანეთისგან არ განასხვავებს,რადგან მაგია – მაგიაა, მას ან ვინმეს დასახმარებლად გამოვიყენებთ, ან ვინმეს გასანადგურებლად. სატანისტი მაგი, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანი უნდა იყოს და ისე გამოიყენოს მაგია თავისი მიზნის მისაღწევად. „თეთრი მაგიის“ რიტუალების ჩატარებისას მონაწილეები ხშირად დგებიან პენტაგრამის შიგნით, რათა თავი დაიცვან იმ „ბოროტი ძალების“ ზემოქმედებისგან, რომლებსაც ამავდროულად დახმარებისთვის იხმობენ. ცოტა არ იყოს და უცნაურია, რატომ უნდა სთხოვდე დახმარებას იმ ძალას, რომლისაც გეშინია და რომლისგანაც თავს იცავ? სატანისტი აცნობიერებს, რომ თუ „ბნელი ძალების“ დახმარების მიღება სურს, თვითონაც უნდა ჩაეწეროს მათ რიგებში და საერთოდ არ უნდა შეეშინდეს რიტუალის ჩატარებისას. სატანური რიტუალის მონაწილეები: არ ცეკვავენ ხელჩაკიდებულნი რაღაც წრის თუ პენტაგრამის გარშემო, არ ანთებენ სხვადასხვანაირ სანთლებს სურვილების შესასრულებლად, არ იხმობენ „მამას, ძეს და სულიწმიდას“, არ ირჩევენ რომელიმე „წმინდანს“ და არ სთხოვენ დახმარებას, არ იმეორებენ ლოცვებს, რომლებშიც ყოველი მეორე სიტყვა იესოს ეხება და ა.შ. იმიტომ, რომ სატანური რიტუალი ეგრე არ ტარდება! თუ ადამიანი მსგავს აზრებს არ ამოიგდებს თავიდან, ვერასოდეს გახდება მაგი, მითუმეტეს ვერ გახდება სატანისტი. გაუგებარია,რატომ უნდა დაუჭიროს სატანიზმმა მხარი იმ ყურით მოთრეულ დაჯგუფებებს, რომლებიც ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, მითუმეტეს, აკეთებენ იმას, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება სატანიზმის იდეებს?! სატანიზმი არაა რელიგია გასხივოსნების მოსურნეთათვის. სატანიზმი ხორციელ ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ცხოვრებაზე, რომელსაც სატანა – მარცხნივ მიმავალი გზის განსახიერება განაგებს. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ხშირად გვესმის: „გასაგებია, რომ თქვენს რელიგიას არ არქმევთ ჰუმანიზმს, რადგან ჰუმანიზმი რელიგია არაა. კი მაგრამ, მაშინ საერთოდ რაში გჭირდებათ ამ ყველაფრისთვის რელიგიის ფორმის მიცემა, თუკი რასაც ქადაგებთ – ისედაც ბუნებრივად არის ადამიანის ბუნებაში?! ადექით და რელიგიად ჩამოყალიბების გარეშე დაემორჩილეთ ინსტინქტებს“ კაცობრიობამ საკმაოდ დიდი გზა გამოიარა. დღეს ადამიანები იმდენად განათლებულები მაინც არიან,რომ შეძლონ რელიგიების სულელური დოგმებისგან თავის გათავისუფლება. ფსიქიატრიის უახლესი მიღწევები იმის საშუალებას კი იძლევა,რომ ადამიანი დავუბრუნოთ საკუთარ თავს. კაცობრიობა ასეთი განათლებული არასოდეს ყოფილა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ერთია, როდესაც ფაქტს აღიქვამ მეცნიერულად, მეორეა, როდესაც იმავე ფაქტს შეიცნობ ემოციურ დონეზე. განათლების ნაკლი სწორედ ისაა, რომ ვერ აკმაყოფილებს ადამიანის ემოციურ მხარეს. ადამიანს სჭირდება რიტუალები და დოგმები,ფანტაზია და მშვენიერების აღქმა. განათლებამ ბევრი კარგი რამ მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ წაართვა სწორედ ის, რასაც წარსულში ასე უხვად იღებდნენ რელიგიებისგან. სატანიზმი, აცნობიერებს რა ადამიანის მოთხოვნილებებს, ავსებს იმ დიდ ხვრელს, რომელიც მეცნიერებამ გააჩინა ადამიანთა ცხოვრებაში. სატანიზმი აერთიანებს მეცნიერებას და რელიგიურ დოგმებსა თუ რიტუალებს, რათა ადამიანს დაუბრუნოს წართმეული წარმოსახვის უნარი. არაფერია ცუდი დოგმებში, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან ადამიანის ბუნებას. თუკი იმას, რაც დანაშაულად და ცოდვად ითვლებოდა, დღეს ადამიანისთვის მისაღებ მოვლენად ჩავთვლით, გამოირიცხება „გონების გასაწმენდად“ ფსიქოლოგიური ჩარევის საჭიროება. სატანიზმი ერთადერთი რელიგიაა,რომელიც ადამიანს ისეთად აღიქვამს, როგორიც არის და დათრგუნვის ნაცვლად წააქეზებს მის ინსტინქტებს. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, თუკი მაინც არ შეგიძლია გათავისუფლდე დანაშაულის შეგრძნებისგან და ისე აჰყვე ინსტინქტებს, არსებობს კიდევ ერთი მარტივი საშუალება – დანაშაულის გრძნობა შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. ხშირად, როდესაც გრძნობ რომ რაღაცას აშავებ, ეს შენს სიამოვნებას უფრო ამძაფრებს. როგორც ჩანს, უფროსებს ბევრი აქვთ სასწავლი ბავშვებისგან: ყველამ ვიცით, რომ როცა პატარას რაღაცას უშლიან,ის პირიქით იქცევა – უფრო დიდი მონდომებით აკეთებს აკრძალულს და ეს მას უფრო სიამოვნებს. დიახ, დრო შეიცვალა, მაგრამ ადამიანები არ შეცვლილან. სატანიზმი ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, დღეს მან ოფიციალური სახე მიიღო და ისე ემსახურება კაცობრიობას. საუკუნეების განმავლობაში აგებდნენ ტაძრებს, რათა შემდეგ იმ ტაძრებში საკუთარი სურვილები დაეთრგუნათ. ახლა დროა, წარსულის შეცდომები გამოვასწოროთ და ავაშენოთ ტაძარი, რომელიც სრულ თავისუფლებას მოგვანიჭებს. ორი ათასზე მეტი წლის განმავლობაში ადამიანები ტრაგედიას ქმნიდნენ იმისგან, რაც მათთვის ბუნებრივი უნდა ყოფილიყო. დავიღალეთ საკუთარ თავთან ბრძოლით! ჩვენ ვიმსახურებთ მივიღოთ სიამოვნება ამ ცხოვრებისგან და მივიღებთ კიდეც! სამოთხის რიგში დგომის ნაცვლად ადამიანმა ცხოვრებისგან უნდა მიიღოს მაქსიმუმი! აი, რა საჭირო რელიგია,რომელიც ადამიანს წააქეზებს! დიახ, ჩვენი იდეოლოგია მხეცის იდეოლოგიის მსგავსია! ჩვენ არ გვეშინია „ღმერთის“, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ბედი! ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ! ჩვენ ამაყად ვამბობთ რომ სატანისტები ვართ!


Commentaires


bottom of page