top of page

იძებნება ღმერთი

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სატანისტს არ სწამს ღმერთის. სინამდვილეში, ღმერთები საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ საუკუნეების განმავლობაში და სატანისტი უბრალოდ აღიარებს იმ მათგანს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს. საქმე ისაა, რომ ღმერთები კი არ ქმნიდნენ ადამიანებს, არამედ პირიქით – ადამიანები ქმნიდნენ ღმერთებს. შესაბამისად, ზოგი ღმერთი მოწყალეა, ზოგი – სასტიკი და დაუნდობელი. ასე რომ, სატანისტი თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევს საკუთარ ღმერთს და ის მისთვის არის სამყაროს გამაწონასწორებელი ძალა, რომელსაც სულაც არ ანაღვლებს მიწის პატარა ბურთზე მცხოვრებ არსებათა ბედი.


თუ ვინმე სატანას ბოროტებასთან აიგივებს, ალბათ მიიჩნევს, რომ ადამიანები ღვთის ნებით იღუპებიან. უეჭველია, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა უნდა გვერჩივნოს იმავე ადამიანის სიკვდილს, მაგრამ ხშირად ეს ასე არაა! ადამიანთა უმეტესობა მდუმარედ უსმენს მღვდლის ბუტბუტს, და იჯერებს რომ „ეს ღვთის ნება იყო“ და „ის ახლა უფლის ხელშია“. სწორედ ასეთი ფრაზებით ამართლებენ მორწმუნეები თავიანთი ღმერთის დაუნდობლობას. კი მაგრამ, თუკი ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ უშვებს იგი ცუდს? დიდი ხანია, ღვთისმსახურები ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად თავიანთ ბიბლიებსა და მცნებებში იქექებიან, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს.


სატანისტი აცნობიერებს, რომ მხოლოდ ადამიანია პასუხისმგებელი იმაზე,რაც მის გარშემო ხდება და არ იტყუებს თავს იმაზე ფიქრით, რომ კაცობრიობაზე ვიღაც სხვაც ზრუნავს. სატანისტი არასოდეს ეგუება „ბედისწერას“, და საერთოდ არ აინტერესებს, რა წერია სახარების რომელიღაც თავში, ან რომელიღაც ფსალმუნში. სატანისტმა ისიც იცის,რომ ლოცვას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, რადგან ვიღაცის (თუ რაღაცის) დახმარების იმედად ყოფნას ჯობია ხელი გაანძრიოს და თავისი გასაკეთებელი საქმე თვითონ გააკეთოს. თუ მას სხვისი დამხმარების იმედი ექნება, აღარაფერს გააკეთებს და შედეგსაც ვერ მიიღებს. ამიტომ,სატანისტი ლოცვისა და ღმერთის დახმარების ლოდინის ნაცვლად, საქმეს ჰკიდებს ხელს და წარმატებასაც აღწევს.


სატანისტი ღმერთს არც დახმარებას სთხოვს და არც შეწყალებას. სხვა რელიგიის მიმდევრები,როდესაც ცოდვას ჩაიდენენ, ლოცულობენ და მიტევებას სთხოვენ ღმერთს, ან მოძღვრებს სთხოვენ ღმერთთან შუამდგომლობას. სატანისტმა იცის, რომ ლოცვას აზრი არ აქვს და არ ლოცულობს, მითუმეტეს,არც არავის მიმართავს დასახმარებლად. მისთვის შეცდომის დაშვება ბუნებრივი მოვლენაა და თუკი გულწრფელად ნანობს,რომ რაღაც დააშავა,მომავლისთვის გაითვალისწინებს და იმავე შეცდომას აღარ დაუშვებს. ცხადია, თუ ადამიანი ზუსტად იმავე ცოდვას მომავალშიც ჩაიდენს, მასეთ მონანიებას აზრიც არ აქვს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება: ჩადიან ცოდვას, მიდიან ღმერთთან,ისუფთავებენ ცოდვების წიგნაკს და შემდეგ კვლავ იმავეს აკეთებენ, რაც ცოტა ხნის წინ მოინანიეს.


არსებობს ღმერთის ბევრნაირი ინტერპრეტაცია, რამდენადაც არსებობენ სხვადასხვანაირი ადამიანები. ღმერთის სახე მერყეობს „უნივერსალური კოსმიური გონიდან“ სანდლებიან მოხუცამდე, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას თვალყურს ადევნებს. თვით ერთი კონკრეტული რელიგიის აღმსარებლებიც კი სხვადასხვანაირად აღიქვამენ ღმერთს. ზოგიერთნი თავანთი რელიგიის, მაგრამ სხვა სექტის წარმომადგენლებს მწვალებლებად და ბოროტის მსახურებად თვლიან, მიუხედავად იმისა რომ მათ, საერთო ჯამში ერთნაირი მსოფლთმხედველობა აქვთ. მაგალითად, კათოლიკეებს სწამთ რომ პროტესტანტები ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეკუთვნებიან კათოლიკურ ეკლესიას. ანალოგიურად, ზოგიერთი სექტის წარმომადგენლები თვლიან რომ კათოლიკეები წარმართები არიან, რადგან ხატებს ეთაყვანებიან. რაც შეეხება იუდეველებს, მათ ყველა ეშმაკის მსახურებად მიიჩნევს.


ყველაფრის მიუხედავად, ღმერთის მიმდევრებს ერთი რამ აერთიანებს: მათი მიზანია ღმერთის კეთილგანწყობა და შესაბამისად, სამოთხეში შესასვლელი კარის გასაღები მოიპოვონ. თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაიცვას რელიგიური კანონები, თუმცა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარეს, შეუძლია მოიხმოს მღვდელი, რომელიც დაოთხილი მოვარდება, აღსარებას ჩაიბარებს, ცოდვებს მიუტევებს და სამოთხის ვიზასაც მისცემს მომაკვდავს. აი რა მარტივია სამოთხეში მოხვედრა. სხვათა შორის, იეზიდებს სხვანაირი წარმოდგენა აქვთ – მათი აზრით, ღმერთი ისედაც ყველას ყველაფერს მიუტევებს სიკვდილის შემდეგ და ამიტომ, დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ ეშმაკის კეთილგანწყობა დაიმსახურონ,რადგან თვლიან რომ მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას სწორედ ეშმაკი განაგებს.


ქრისტიანულ ლიტერატურაში საკმაოდ ბევრ ურთიერთწინააღმდეგო რაღაცას ვაწყდებით. ამის გამოა, რომ ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ქრისტიანული ღმერთის არსებობას და თავს „ქრისტიან ათეისტს“ უწოდებს. კი ბატონო, ვეთანხმები მათ,რომ ქრისტიანული ბიბლია (და არა მარტო) – აბსურდთა ხროვაა, მაგრამ არა მგონია მასში ისეთი დიდი სისულელე შეგვხვდეს, როგორიც ცნება „ქრისტიანი ათეისტია“.


თუკი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები უარყოფენ თავიანთი რელიგიის მოძველებულ კანონებს, მაშინ როგორ მოვთხოვოთ მათ მრევლს, შეასრულონ აბსოლუტურად ყველა მცნება და დაიცვან ყველა კანონი?


ამდენი მსჯელობის შემდეგ, თუკი ღმერთი ჯერ კიდევ არ მომკვდარა, სამკურნალო ნამდვილად იქნება.

Comments


bottom of page