top of page

ცეცხლი, გოგირდი და დემონები

მონაკვეთი წიგნიდან "სულიერი მეომარი", ეს მონაკვეთი ეხება დემონებს, ჯოჯოხეთს და ა.შ...


საუბრები ეშმაკზე, დემონებსა და ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ყოველთვის იწვევდა შიშსა და გაურკვევლობას. ამ მიზეზით ასეთ საუბრებს ხშირად გაურბიან. მაგრამ ადამიანი უნდა გაერკვეს ამ საგანში იმისათვის, რომ მატერიალური სამყაროს სრული და გონივრული სურათი დაინახოს და პროდუქტიულად იმოქმედოს მასში, როგორც სულიერმა მეომარმა. მსგავსი განხილვისას ყოველთვის ჩნდება წინააღმდეგობანი. ჩვენ ვიტყვით, რომ არსებობს ნების თავისუფლება და ამავე დროს არსებობს წინასწარი განპირობებულობა. თქვენ შეიტყობთ, რომ არსებობს მრავალი ეშმაკი, ანუ დემონი, მაგრამ სინამდვილეშჳ ისინი არ არსებობენ! ჩვენ ვისაუბრებთ ადგილზე, რომელსაც ჯოჯოხეთს უწოდებენ, და რომელიც სინამდვილეში ცნობიერების მდგომარეობაა. ეს მტკიცებები წინააღმდეგობრივი ჩანს ჩვენი გაგების შეზღუდულობიდან გამომდინარე. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი განვიხილოთ პრინციპით: “ან – ან”. რაიმე არის ან “ა” ან “ბ”. სულიერ სამყაროში რაიმე შეიძლება პოლარულ ურთიერთწინააღმდეგობებს მოიცავდეს ერთმანეთში, ერთდროულად იყოს “ა”-ც და “ბ”-ც. ამიტომაც გთხოვთ, რომ შეეგუოთ მოჩვენებით გაურკვევლობებს, და თქვენ უფრო ღრმა ცოდნას მოიპოვებთ უსარგებლო შეშფოთებისა და შიშის გარეშე.


იდეალური ადგილი შვებულებისთვის


მოდით, გავემგზავროთ თავგადასავლების საძიებლად. წარმოვიდგინოთ, რომ ხელში სარეკლამო ბროშურა მიჭირავს და ვწყვეტთ, თუ სად გავატაროთ შვებულება. მე აღგიწერთ ადგილს და შევხედოთ, მოგინდებათ თუ არა იქ გამგზავრება. როცა ამ ადგილას ვხვდებით, არავის ეძლევა უფლება, რომ ასი ათასი სიცოცხლის მანძილზე დატოვოს ეს ადგილი. ეს ადგილი არაა განკუთვნილი იოლი მოგზაურობისთვის, ამიტომაც თქვენ გამუდმებით გაწუხებენ – თქვენი საკუთარი ჭკუა, სხვა ცოცხალი არსებები და მატერიალური ბუნება. იქ ყოფნისას განუწყვეტლივ უნდა იბრძოლოთ საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის და ჭერისთვის თავს ზემოთ. თქვენზე ზეწოლას ანხორციელებენ სხვადასხვა მთავრობები, რომლებშიც უმეტესობა ლიდერებისა მოსახლეობის მანიპულირებას და მათ ექსპლუატაციას ცდილობს. თქვენ გამუდმებით იტანჯებით რომელიმე ავადმყოფობით, ყოველდღე ბერდებით და უნდა მოკვდეთ. რაც არ უნდა მოუფრთხილდეთ საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას, მაინც მოკვდებით. როგორც არ უნდა გიყვარდეთ სხვები, ისინი მაინც მოკვდებიან. იქ ყოველთვის ომებია და მზადებაა ახალი ომებისთვის. გლობალური ფილოსოფია ასეთია: მე გკლავ შენ, შენ მკლავ მე, ჩვენ ვკლავთ მათ, ისინი გვკლავე ჩვენ. თუკი გკითხავთ: “გინდათ გაემგზავროთ იქ ჩემთან ერთად? მოდით ცოტათი გავერთოთ”, - თქვენ სავარაუდოდ მტკიცედ მიპასუხებთ: “არა, ჩვენ იქ არ გვინდა”. დაფიქრდით, ჩვენ ხომ ახლა სწორედ ასეთ ადგილას ვცხოვრობთ და ჩვენ გაცნობიერებულად ავირჩიეთ – ეს მატერიალური სამყარო!

* * *

ნების თავისუფლება და ბედის წინასწარგანსაზღვრულობა


შეიძლება დავსვათ კითხვა: “თუკი ასეთ ნაკლებადსასიამოვნო ადგილას ვიმყოფებით, ნუთუ მართლა გვაქვს ნების თავისუფლება? ჩვენ ხომ არ გვინდა არც ავადმყოფობა და არც სიკვდილი? ჩვენ არ გვინდა ძალისხმევა გავწიოთ მხოლოდ იმის გულისთვის, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ. და სადაა ამ შემთხვევაში ნების თავისუფლება?” ნების თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ნება გაქვთ გააკეთოთ ნებისმიერი არჩევანი, უკიდურეს შემთხვევაში მითითებულ ჩარჩოებში მაინც. მაგრამ ნებისმიერი არჩევანი უკუქმედებას იწვევს. დავუშვათ, რესტორანში შეხვედით სასადილოდ. გადახედეთ მენიუს და რომელიმე სუპი შეუკვეთეთ. ოფიციანტმა მოგართვათ იგი, თქვენ სინჯავთ, მაგრამ არ მოგწონთ, და საჩივარს განაცხადებთ ამის გამო. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ჩვენ თავად შევუკვეთეთ ეს სუპი. შესაძლოა ცუდად გქონდათ წარმოდგენილი, თუ რა ინგრედიენტები შედიოდა მასში და რამდენად დახელოვნებული იყო მზარეული, მაგრამ თქვენ მიიღეთ სწორედ ის, რაც შეუკვეთეთ. ასეთია ნების თავისუფლების ბუნება. ჩვენ უფლება გვაქვს და შეგვიძლია ავირჩიოთ ყველაფერი, შეგვიძლია ხელი დავაჭიროთ ნებისმიერ ღილაკს. მაგრამ როცა ღილაკს ვაჭერთ, უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხისმგებელნი ვართ იმისთვის, რაც მოხდება. რეაქცია წინასწარგანსაზღვრულია, მაგრამ მას ჩვენი არჩევანი განაპირობებს.


ამგვარად, ნების თავისუფლებაც და წინასწარგანსაზღვრულობაც – ეს რეალობაა. ჩვენ თავად ვაგებთ პასუხს ნებისმიერ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოვჩნდით. ამის გაგება საკმაოდ რთულია, თანამედროვე კულტურაში აღზრდილი ადამიანისთვის. იმ კულტურაში, რომელიც გვასწავლის, რომ როგორც კი რამე ისე არაა, დამნაშავეები უნდა ვეძებოთ. ყველა პრობლემა – დაწყებული კიბოთი და დამთავრებული ოჯახური გაუგებრობებით – ადამიანმა თავად გამოიწვია საკუთარ თავზე. ავიღოთ ავადმყოფობა. თანამედროვე მედიცინაც კი აღიარებს, რომ მრავალი ავადმყოფობა ფსიქოსომატურ ხასიათს ატარებს. ჭკუას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხეულზე, იგი გავლენას ახდენს მატერიაზე. ნატიფი მოქმედებს უხეშზე, უხეში კი ნატიფზე.


სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ორგანიზებულია უმაღლესი ძალების მიერ სწორედ ამგვარად იმისათვის, რომ ჩვენ დავიღალოთ მატერიალური ენერგიეს მანიპულირების მცდელობებისგან. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს სათანადოდ ღმერთთან ურთიერთობის სილამაზეს, მისთვის განკუთვნილია დროებითი სცენა სურვილების ასრულებისათვის. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, სპეციალურადაა განკუთვნილი იმისთვის, რომ იმედგაცრუება და ზიზღი გამოიწვიოს ჩვენში, იმისთვის, რომ თვითანალიზისა და განსჯისკენ გვიბიძგოს. მთლიანობაში ის განკუთვნილია იმისთვის, რომ დროებითი სამყაროსგან გვაქცევინოს ზურგი და მარადიულისკენ მიგვაბრუნოს, რათა გავაცნობიეროთ: ბედნიერება მდგომარეობს არა მატერიალური ენერგიებით თამაშში, არამედ ღმერთის უანგარო მსახურებაში დაკარგული სრულყოფილების მოსაპოვებლად.

ცხოვრება – ეს თამაშია, რომელშიც ჩვენი ჭეშმარიტი არსი უნდა აღვიდგინოთ. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი წესებით ვთამაშობთ, როგორც ბავშვები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რაც მოაფიქრდებათ. ხანდახან სავალ ნაწილზე გადადიან, და თუმცა ეს სახიფათოა, მათ ეს ძალიან იზიდავთ. ამ სურვილს ადევნებული, ისინი რისკში იგდებენ თავს. ჩვენ, როგორც ბავშვებს, აუცილებლად უნდა შთაგვაგონონ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის ტარება ნების თავისუფლებისთვის და რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ბრძნულად გამოყენებას. თუ ამას არ ვისწავლით, მაშინ ვერასოდეს შევალთ ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობაში.


ნების თავისუფლება – საკვანძო მომენტია სასიყვარულო ურთიერთობებში, იმიტომ რომ შეუძლებელია სიყვარული ამ სიყვარულისადმი შეწინააღმდეგების შესაძლებლობის გარეშე. შეუძლებელია, რომ დავაფასოთ რაიმე, თუკი არჩევანის თავისუფლება არ გვექნება მასთან დაკავშირებით. თუკი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი, მაშინ ნების თავისუფლებაც უნდა გვქონდეს ისევე, როგორც ღმერთს გააჩნია იგი. მთელი სირთულე იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის გაგების ან მიღების უნარი, რომ ღმერთისგან დამოუკიდებლად ნების თავისუფლების გამოყენება არაფერ კარგამდე არ მიგვიყვანს. ეს ხდება იმიტომ, რომ რომ ჩვენ – ღმერთის განუყოფელი ნაწილაკები, ერთი მთლიანის პაწაწინა ნაწილები ვართ. როგორც მთლიანის ნაწილები, მთლიანს უნდა ვემსახუროთ.


წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ კუჭს გადაეწყვიტა თვითონ ეჭამა და განეცხადებინა პირისთვის: “მომბეზრდა, რომ პირველად ყოველთვის შენ იღებ საკვებს. პირველი მე უნდა ვიყო!” ეს შეუძლებელია. ნაწილს არ შეუძლია სათანადოდ იმოქმედოს მთლიანისგან ცალკე. ეს მოვლენათა ბუნებრივი წესრიგია.


როდესაც დავიწყებთ ჩვენი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას იმის გამო, რაზეც ვწუხვართ, ჩვენ შევძლებთ სათანადო ზომების მიღებას, რათა ჩვენი მოქმედება უფრო სათნო გახდეს და მივიღებთ უნარს, რომ მივიზიდოთ ის, რაც მართლა გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე კონცენტრირება, რაც გვჭირდება, და არა იმაზე, რაც გვინდა, იმიტომ რომ დიდი ნაწილი იმისა, რაც ჩვენ გვინდა, მხოლოდ გვირთულებს ცხოვრებას. გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთს ასეთი მზადყოფნით მივუახლოვდეთ: “დაე იყოს ნება შენი. განმკარგე შენი მიზნებისთვის”. კიდევ უფრო ამაღლებულია – ვთხოვოთ ღმერთს, რომ გაგვანთავისუფლოს ნების თავისუფლებისაგან. მაშინ ჩვენ ბოლომდე მივენდობით მის მსახურებას.

 
 
 

Comments


bottom of page