top of page

მინერალოგია

მინერალოგია

მინერალოგია (ლათინ. minera -მადანი (მინერალი) და ძვ. ბერძნ-λόγος (logos) – მოძღვრება) — მეცნიერება მინერალთა შესახებ. შეისწავლის ბუნებაში მინერალთა წარმოქმნისა და გარდაქმნის პირობებს, მათ შედგენილობას, სტრუქტურასა და თვისებებს. მინერალოგიის ძირითადი მიმართულებებია: აღწერითი მინერალოგია — შეისწავლის ცალკეულ მინერალთა თავისებურებებს, მათ სისტემატიკას; გენეტური მინერალოგია — იკვლევს მინერალთა წარმოქმნის კანონზომიერებას; რეგიონული მინერალოგია — შეისწავლის და განაზოგადებს მინერალთა ტერიტორიული გავრცელების კანონზომიერებას; კოსმოსურ სხეულთა მინერალოგია იკვლევს  მეტეორიტებისა და მთვარის  მინერალებს; ექსპერიმენტული მინერალოგია — შეისწავლის მინერალთა წარმოქმნის ბუნებრივი პროცესების მოდელირების საკითხებს; გამოყენებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური მინერალოგია — ამუშავებს მრეწველობაში მინერალთა გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საიტის მენიუ

ისტორია:

მინერალოგია ჩაისახა უხსოვარ დროს, ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით. უძველესი ცნობები მინერალთა შესახებ შემონახულია არისტოტელეს (ძვ. წ. IV ს), თეოფრასტეს (ძვ. წ. IV-III სს.), პლინიუს უფროსის (ახ. წ. I ს), პედანიუს დიოსკორიდის (I ს), აგრეთვე ძველ ჩინელთა და ძველ ინდოელ მეცნიერთა შრომებში. მინერალოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება დაკავშირებულია სამთო საქმისა და მეტალოგენიურ განვითარებასთან და მედიცინასა და ალქიმიაში მინერალთა გამოყენებასთან.

IX-XI საუკუნეებში აღმოსავლეთ ქვეყნებში იქმნება საყურადღებო მინერალოგიური ტრაქტატები (ალ-ჯაჰიზი, ალ-რაზი, ალ-ქინდი, იბნ სინა და ალ-ბირუნი). XII-XIII საუკუნეებში ევროპაში დაიწერა მარბოდიუსის, ალბერტ დიდის, ხოლო მოგვიანებით ლეონარდო და ვინჩის (1502 წ.) და გეორგ აგრიკოლას (1550 წ.) მეტად საყურადღებო ნაშრომები.

XVII-XVIII საუკუნეებში აღსანიშნავია ე. ბართოლინის, ნ. სტენოს, კ. ჰიუგენსის, რომე დე ლილის, რ. ჟ. აიუს და სხვ. შრომები. 1635 წელს იტალიელმა მეცნიერმა ბ. ცეზიუსმა შემოიღო ტემინი „მინერალოგია“.

XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში მინერალოგიაში გზას იკაფავს ქიმიური მიმართულება (მიხეილ ლომონოსოვი, ვ. სევერგინი - რუსეთში, ი. ბრაიტჰაუპტი და მ. კლაპროთი - გერმანიაში, ა. კრონსტედტი - შვედეთში). ყალიბდება იზომორფიზმისა და პოლიმორფიზმის ცნებები (გერმანელი მეცნიერი ე. მიჩერლიხი და ავსტრიელი გ. ჩერმაკი). მოგვიანებით ვითარდება რეგიონული მინერალოგია (დ. სოკოლოვი, ნ. კოქშაროვი და პ. ერემეევი - რუსეთში; პ. გროთი, ფ. კლოკმანი, ფ. რინე - გერმანიაში; ფ. ბეკე - ავსტრიაში; ა. ლაკრუა - საფრანგეთში; ვალდემარ ბრეგერი - ნორვეგიაში; ჯეიმზ დანა - აშშ).

მინერალოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ვლადიმერ ვერნადსკის, ნ. კურნაკოვისა და ი. ვანტ-ჰოფის მიერ მენდელეევის პერიოდული კანონისა და ჯ. გიბზის ფაზათა წესის გამოყენებამ მინერალების გენეზისის კვლევის საქმეში. XX საუკუნის დასაწყისიდან მინერალოგიაში მკვიდრდება კრისტალთქიმიური მიმართულება (ევგრაფ ფიოდოროვი და გ. ვულფი - რუსეთში; უ. პ. ბრეგი - ინგლისში, ვ. გოლდშმიდტი - ნორვეგიაში).

XX საუკუნეში ფუნდამენტურმა აღმოჩენებმა ფიზიკისა და ქიმიის დარგში ხელი შეუწყო თანამედროვე მინერალოგიის ჩამოყალიბებას. აღწერითი მინერალოგია ინტენსიურად შეისწავლის მინერალთა სტრუქტურულ და ქიმიურ თავისებურებებს, ადგენს მინერალთა და მათში შემავალ ატომთა თვისებებს შორის არსებულ კორელაციურ კავშირებს.

თანამედროვე მინერალოგიაში დიდი ადგილი უკავია მინერალთა წარმოქმნის ფიზიკურ-ქიმიურ ასპექტების კვლევას. მნიშვნელობა ენიჭება მინერალთა ინდივიდების შესწავლას მათი გენეზისის თვალსაზრისით, აგრეთვე მინერალებში თხევად და აირად-თხევად ჩანართთა კვლევას. დიდი წარმატება მოიპოვა რეგიონულმა მინერალოგიამ.

კვლევა მინერალოგიის დარგში მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებსა და დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. მინერალოგიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მინერალოგიური საზოგადოებები (საკავშირო მინერალოგიური საზოგადოება (1817 წ.), დიდი ბრიტანეთის მინერალოიური საზოგადოება (1876 წ.), გერმანისის მინერალოგიური საზოგადოება (1908 წ.), საფრანგეთის მინერალოგიისა და კრისტალოგრაფიის საზოგადოება (1878 წ.) და სხვა, რომლებიც გაერთიანებულია საერთაშორისო მინერალოგიურ ასოციაციაში, აგრეთვე მინერალოგიური მუზეუმები და მინერალოგიური განყოფილებები მსოფლიოს ბევრ დიდ კომპლექსურ თუ საბუნებისმეტყველო მუზეუმში.

(მასალა ვიკიპედიიდან)

bottom of page