top of page

თილისმები

აგლას სიმბოლო

უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანები ირჩევდნენ, თან ატარებდნენ ან სახლის გარკვეულ ნაწილში დებდნენ ნივთს, რომელსაც მათი აზრით წარმატების მოტანა და/ან ბოროტი ძალებისგან დაცვა შეეძლო. ეს ნივთები უმეტესად ბუნებრივი მასალისგან მზადდებოდა - ძვლები, ქვები, ბუმბულები, ტყავი და ა.შ.  დროთა განმავლობაში ამ დამცავმა ნივთებმა ცვლილებები განიცადა და დღესდღეობით საკმაოდ დახვეწილი სახე მიიღო.

ბევრი ადამიანი ხშირად თილისმას, ამულეტს და ავგაროზს ერთ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც არასწორია. თითოეულ მათგანს განსაზღვრული დანიშნულება აქვს და ეს მათ გამოყენებაშიც შესამჩნევია.

თილისმა არის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ნივთი, რომლის შექმნის დროსაც უამრავ რამეს ითვალისწინებენ - მის მთავარ დატვირთვას, კვირის დღეს, ადამიანის (მომავალი მფლობელის) თვისებებს, მაგიურ სიმბოლოებს, ფორმას, მასალას, ფერს, ზომას და ა.შ. შესაბამისად, თილისმის დანიშნულება ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ის არის როგორც უარყოფითი ენერგიებისგან დამცავი, ასევე წარმატების, ბედნიერების, იღბალის მოსაზიდი საშუალება. თილისმას ატარებენ როგორც სამკაულის სახით, ასევე ინახავენ სახლში გამოსაჩენ ადგილას (მაგალითად, კიდებენ კარზე).

რჩევა: თილისმასთან ხუმრობა არ ღირს. არ იყიდოთ გაურკვეველი წარმოშობის თილისმა, რაც არ უნდა ძალიან მოგწონდეთ. ის მაგიური ნივთია და კონკრეტულად თქვენთვის ან თქვენი სახლისთვის უნდა დამზადდეს. იდეალურია, თუ მის შექმნაში მონაწილეობას გამოცდილი პარაფსიქოლოგი ან მაგი მიიღებს. თილისმის დამზადება შეიძლება საკუთარი ხელითაც (მაგ., ხისგან), თუმცა, წესების მკაცრი დაცვით. აუცილებელია, რომ მისი დამზადების პროცესში კარგ განწყობაზე იყოთ და არ აჩქარდეთ.

ამულეტი არის სამკაული, ნივთი, რომელსაც მუდამ თან ატარებენ (უფრო კონკრეტულად - სხეულთან მაქსიმალურად ახლოს). ამულეტის დანიშნულება არის პიროვნების ენერგეტიკული გაძლიერება, რის შემდეგაც მისი მფლობელი ბევრად ადვილად უმკლავდება უარყოფითი ენერგიების შემოტევას. დასამზადებლად ძირითადად იყენებენ ბუნებრივ მასალას. ყველაზე ძლიერმოქმედი ამულეტები მზადდება ძვირფასი ქვებისგან ან ლითონისგან. ხშირად მათ დამცავი მაგიური სიმბოლო ან ზოდიაქოს ნიშანიც აქვთ გამოსახული.

რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ამულეტი მუდმივად უნდა იყოს სხეულთან კავშირში, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი სამკაული, რომელსაც იშვიათად მოიხსნით. კარგი იქნება, თუ შეარჩევთ ასტროლოგიური, რელიგიური ან მაგიური ტიპის ამულეტს.

ავგაროზი თილისმისგან და ამულეტისგან განსხვავებით შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, რომელიც მის მფლობელში დადებით ემოციებს აღძრავს. მაგალითად, ავგაროზებად გამოიყენება ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვები, საყვარელი ადამიანის თმა, მედალიონი, ანუ ყველაფერი ის, რასაც მისი მფლობელისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ავგაროზებს მუდამ თან ატარებენ - ჯიბით, სამკაულის სახით, საფულეში, ჩანთაში და ა.შ. ეს არის ნივთი, რომლის მნიშვნელობაც ადამიანის სურვილის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ მის მფლობელს სჯერა, რომ ავგაროზი ავი თვალისგან დაიცვას - მისი დანიშნულებაც ეს ხდება. თუ ფულის მოსაზიდად ირჩევს - შესაბამისად, ავგაროზს ფულის მოზიდვის ფუნქცია ენიჭება და ა.შ.

საიტის მენიუ

რჩევა: ავგაროზად შეარჩიეთ თქვენთვის ძვირფასი ნივთი, რომელთანაც განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებთ, რომლის ნახვაც ყოველთვის გსიამოვნებთ და რომელთან შეხებაც განწყობას გიუმჯობესებთ. არ არის აუცილებელი, რომ თქვენი ავგაროზი სამკაული იყოს. მის ტარებას ჩანთითაც შეძლებთ. აუცილებელი პირობაა, რომ ხშირად იყოს თქვენთან ახლოს - მხოლოდ ასე მოხდება მისი დადებითი ენერგიებით დამუხტვა.

 

მართალია, სამივე მათგანს ერთმანეთთან გარკვეული კავშირი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამიტომ შერჩევისას ყურადღება გამოიჩინეთ. აუცილებელია, რომ შერჩეული ნივთი ოდნავადაც არ იწვევდეს უარყოფით შეგრძნებებს. თუ გრძნობთ, რომ არჩევანში შეცდით, სასწრაფოდ მოიშორეთ. ეცადეთ, რომ იგი რაც შეიძლება მეტი დადებით ენერგიით დამუხტოთ - მომავალში ეს სასიკეთოდ შემოგიბრუნდებათ.

bottom of page